ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
დოკუმენტში ზოგად რეკომენდაციებთან ერთად სკოლებისთვის მოცემულია დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის, კერძოდ:
- სკოლებმა უნდა უზრუნველყონ სანიტარიულ კვანძში სისუფთავის დაცვა. ამისთვის წინასწარ განსაზღვრონ საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
- სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 7 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები
- სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ;
- საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ;
- უზრუნველყავით დამლაგებლის აღჭურვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ხელთათმანები; სახის ფარი; წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ დაექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას)/ ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;
- დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;
- დასუფთავების პროცედურების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ აუცილებელად დაიბანეთ ხელები;
- სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები შეინახეთ სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი პირებისთვის;
- უზრუნველყავით დასუფთავებისთვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებებისთვის განკუთვნილი საცავის ვენტილაციის შესაძლებლობა.
********
„განათლების კოალიციის“ მიერ განათლების სამინისტროსთვის შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომელიც 2020-2021 აკადემიურ წელს შეეხება, ყურადღება გამახვილებულია სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კერძოდ, ერთ-ერთი რეკომენდაცია სკოლის ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდას ეხება. დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, მომდევნო სემესტრისთვის აუცილებელია მკაფიო ინსტრუქციებისა და მითითებების შემუშავება სკოლის გახსნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამ ნაწილში საუბარია სკოლის ექიმებისა და დამლაგებელთა ანაზღაურების საკითხზე, რადგან მაღალი ალბათობით მათი საქმიანობა გაცილებით შრომატევადი გახდება.
„აქვე საგულისხმოა, რომ დამლაგებლის მაქსიმალური ანაზღაურება არის 372 ლარი, 1800+ ბავშვიან სკოლაში. 200 მოსწავლიან სკოლაში მაქსიმალური ანაზღაურება შეადგენს 210 ლარს, 300-მდე – 228 ლარს, 530-მდე – 264 ლარს და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია“, – ვკითხულობთ კვლევაში.