რა საფრთხეს უქმნის ფეიერვერკი ცხოველებსა და ფრინველებს – „საბუკო” ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ასევე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ წერილით მიმართა პარლამენტსა და გარემოს დაცვის სამინისტროს, პიროტექნიკის გამოყენების მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი და საკანონმდებლო ცვლილებებსა და მკაცრ რეგულაციებზე იმსჯელოს.
„ფეიერვერკის ფერები სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების დამსახურებაა, მაგალითად – ლითიუმის მარილები ვარდისფერ, ხოლო ნატრიუმის მარილები ყვითელ შეფერილობას უზრუნველყოფენ. ეს მარილები აფეთქებისას ქიმიური რეაქციის შედეგად ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდს, ნახშირბადის მონოქსიდსა და აზოტს ათავისუფლებენ.
რაც მთავარია, მეტალის ნაწილაკები რჩებიან გარემოში – ნიადაგში, ჰაერში და წყალში. შესუნთქვისას ან მიღებისას ისინი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევენ.
ფეიერვერკი ბიომრავალფეროვნებას სხვაგვარადაც ვნებს – ბევრი ცხოველის მყისიერ სიკვდილს იწვევს.
აფეთქებისას ფრინველები პანიკურად, ქაოტურად ფრინდებიან და ეჯახებიან ერთმანეთს, შენობებსა და ხეებს, რაც ტრავმითა და სიკვდილით მთავრდება. ფეიერვერკის გამო მობუდარი ფრინველები ბუდეებსა და ბარტყებს აღარ უბრუნდებიან, რადგან ხშირად საცხოვრებელ ადგილს სამუდამოდ ტოვებენ.
ის ფრინველები, რომლებიც შეჯახებას გადაურჩნენ, ხშირად დიდხანს, უმიზნოდ მიფრინავენ, შემდეგ კი უკან დასაბრუნებლად ენერგია აღარ ჰყოფნით და მაინც იღუპებიან. ეს პრობლემა განსაკუთრებით ზღვისპირა დასახლებებში დგას, სადაც ზღვის მიმართულებით მიფრინავენ.
ფეიერვერკის და ფრანების გაშვებისას იზრდება ტყის ხანძრების რისკიც.
პიროტექნიკის ნარჩენები გამოყენების შემდეგაც დიდხანს აბინძურებს გარემოს და ბევრი ცხოველის სიკვდილის მიზეზი ხდება.
ბიომრავალფეროვნება არის ის დღესასწაული, რომელსაც უნდა აღვნიშნავდეთ და ვუფრთხილდებოდეთ. ნუ გამოიყენებთ პიროტექნიკას”, – წერს „საბუკო”.