11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
„პუბლიკამ” რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება მოიპოვა. ბრძანებაში ვკითხულობთ:
1. სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ეროვნული კინოცენტრი) სტრუქტურული რეორგანიზაციის/ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების და მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, გამოცხადდეს რეორგანიზაცია, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შესაძლოა მოჰყვეს:
ა) საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირება ან/და მათი სახელწოდების ცვლილება
ბ) ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურულ ერთეულებს შორის საშტატო თანამდებობების გადაადგილება
გ) ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულების გაუქმება, გაყოფა ან/და მათი სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შერწყმა
დ) ეროვნული კინოცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებიდან/საშტატო საშტატო პოზიციებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება ან შრომითი ხელშეკრულებით გადაყვანა
ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
2. ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაციის პროცესის დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2023 წლის 13 ივლისი.
3. ეროვნულ კინოცენტრში ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა სტრუქტურულმა ერთეულმა პირ(ებ)მა უზრუნველყოს:
ა) ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლების გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მისი დასრულების შემდგომ შესაძლო გათავისუფლების/შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გაფრთხილების პროცესის განხორციელება შესაბამის გაფრთხილების ფურცელზე ხელმოწერით, ან საჭოროებისამებრ, ელ-ფოსტით (შესაბამისი თანამშრომლის სამსახურებრივ ან პირად ელექტრონულ მისამართზე) შეტყობინებით ან საცხოვრებელ მისამართზე აღნიშნული შეტყობინების შესახებ წერილის გაგზავნით,
გ) ამ ბრძანების მე-4 პუნქტში მითითებული კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური ხელშეწყობა:
დ) რეორგანიზაციის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ბრძანებების/ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
4. რეორგანიზაციის პროცესში შესაბამისმა სპეციალურმა კომისიამ (შემდგომ – კომისია) არაუგვიანეს 2023 წლის 13 ივლისამდე ეტაპობრივად უზრუნველყოს:
ა) ეროვნული კინოცენტრის მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, ახალი საშტატო ნუსხის პროექტის შემუშავება;
ა) საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული კინოცენტრის ახალი საშტატო ნუსხის შესაბამის თანამდებობებზე ან შრომითი ხელშეკრულებით გადასაყვანი/გადასანიშნი თანამშრომლების შერჩევა და საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე, სამსახურიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სიის განსაზღვრა და უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ეროვნული კინოცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების, ასევე, პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების და სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების (მათ შორის, სამუშაო აღწერილობების) შესწავლა-ანალიზი;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებთან გასაუბრების ჩატარება.
5. კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხოლო ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი კომისიის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის) ხმა.
6. კომისიის მიერ თანამშრომელთა მიმართ გადაწყვეტილება მიიღება აღნიშნული მიზნისთვის შემუშავებული შეფასების ფორმის შესაბამისად, რომელიც ივსება კომისიის წევრების მიერ.
7. ამ ბრძანების მე-6 პუნქტში მითითებული შეფასების ფორმა დამტკიცდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
8. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – ნათქვამია ბრძანებაში.
ბრძანებას ხელს აწერს, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნაია.
1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.
კინოცენტრის თანამშრომლებმა განცხადება მას შემდეგ დაწერეს, რაც სოციალურ ქსელში კინოცენტრის გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძისთვის მედლის გადაცემაზე. ამ განცხადებაში გოეთეს ინსტიტუტი „მცდარი და ფარისევლური ბრალდებების“ გავრცელებაში დაადანაშაულეს.
გაგა ჩხეიძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს განცხადება სამინისტროში იყო დაწერილი.