რა საკითხების განხილვაა დაუშვებელი მოსწავლის შესახებ კრებებზე - რეკომენდაციები სკოლებსა და მშობლებს

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სკოლებში მოსაწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

სამსახურში ამბობენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი.

სწორედ ამიტომ ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

რეკომენდაციები სკოლებისთვის 

ნებისმიერი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ მისი პერსონალური მონაცემია.

მაგალითად: ზოგადი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ; ინფორმაცია მოსწავლის სასკოლო განრიგის შესახებ; ინფორმაცია მოსწავლის ინტერესების შესახებ; მოსწავლის აკადემიური მოსწრება; ფოტო და ვიდეო მასალა მოსწავლის გამოსახულებით;

ზოგიერთი კატეგორიის მონაცემზე (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) კანონმდებლობით დაწესებულია დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი.

ამ მონაცემებს მიეკუთვნება: ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;  ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან და საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; მოსწავლის რელიგიური შეხედულებები;  მოსწავლის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია; მოსწავლის სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია და სხვა;

რეკომენდაციებში საუბარია სასკოლო კრებების შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ  კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. თუმცა,  დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ, შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები.

მიზანშეწონილია, რომ სკოლამ აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების ნაცვლად, შექმნას სისტემა, რომლითაც ყველა მოსწავლეს/მშობელს მხოლოდ საკუთარ შედეგზე ექნება წვდომა და თავად გადაწყვეტს გაუზიაროს თუ არა ეს ინფორმაცია მესამე პირებს, მათ შორის თანაკლასელებს.

რეკომენდაციებში გაზგასმულია, რომ მოსწავლის პერსონალური მონაცემები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას მონაცემები უნდა გაიცეს არაიდენტიფიცირებადი ფორმით, (მაგალითად, სტატისტიკური სახით ან მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაშტრიხვით) ან სუბიექტის (მოსწავლის/მშობლის) ინფორმირებული თანხმობით და ინფორმაციის გაცემის მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით.

რეკომენდაციები მოსწავლეებისა და მშობლებისათვის 

რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მოსწავლის მშობელს?

• თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თუ რა მონაცემებს ფლობს სკოლა თქვენი შვილის შესახებ, საიდან მოიპოვა მონაცემები და რა მიზნით. ასევე, აქვს თუ არა მონაცემების შეგროვებისა და შენახვის კანონიერი საფუძველი? (მაგალითად, თქვენი თანხმობა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევა და სხვა.) სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაცია მოძიებასა და დამუშავებას საჭიროებს.

• თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, ხომ არ გაუცია სკოლას თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები სხვა პირებზე. სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

• თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება და უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემების წაშლა/განადგურება. სკოლა ვალდებულია შეასწოროს უზუსტო და წაშალოს უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემები 15 დღის ვადაში ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.

• თქვენ გაქვთ უფლება უარი განაცხადოთ თქვენივე თანხმობაზე თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. მაგალითად, თუ სკოლას ნება დართეთ განეთავსებინა თქვენი შვილის ფოტო სკოლის ვებგვერდზე/ სოციალური ქსელის გვერდზე და შემდეგ გადაიფიქრეთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ფოტოს წაშლა ყოველგვარი ახ სნაგანმარტების გარეშე. 10 დღიანი ვადა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხის გაცემა მოითხოვს ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას.

• თქვენ გაქვთ უფლება დაცული იყოს თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. შესაბამისად, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს თქვენი შვილის მონაცემების დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ან თქვენი შვილის უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ:

• მიმართოთ სკოლას და მოითხოვოთ დარღვევის აღმოფხვრა, როგორც წერილობით ისე ზეპირი ფორმით. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარების სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგენილი იყოს წერილობითი მიმართვის ფორმა.

• მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც შეისწავლის გარემოებებს და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, უფლებამოსილია სკოლას დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (მაგალითად, ჯარიმა), მოსთხოვოს მონაცემების წაშლა, გასწორება და სხვა.

• მიმართოთ სასამართლოს ქონებრივი ან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და დარღვეული უფლებების აღსადგენად.