რა საკითხებზე ისაუბრეს სინოდის სხდომაზე - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პუბლიკა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მედიასთან ისაუბრა, რა საკითხები განიხილეს სინოდის სხდომაზე.

„რა იყო საკითხები, მე ვერ გეტყვით. მდივანი ჰყავდა სინოდს, რომელიც წერს და მალე დაასრულებს. მოკლე სხდომა იყო, სულ სამი საკითხი იყო, თუ არ ვცდები. მშვიდობიანად ჩაიარა სინოდის სხდომამ, ზოგადად ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მათ შორის, მეც. ამჯერად არაფერი საკამათო არ იყო.

მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე, მთელმა სინოდმა მიულოცა. სამძიმრის წერილი გავუგზავნეთ თურქეთის სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს ტრაგედია.

დანარჩენი, ყოფითი საკითხები იყო და მოისმენთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, იყო თუ არა პატრიარქის ტახტის გადაბარებაზე საუბარი, მიტროპოლიტმა განაცხადა:

„ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასდროს! არასდროს არ დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი და აზრადაც არ მოსვლია არავის, რომ ეს ეთქვათ.“

მიტროპოლიტ ნიკოლოზს ასევე ჰკითხეს, სხდომაზე ისაუბრეს თუ არა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.

„სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ შეხებული ვართ, მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან, ვაზიარებ. დღესაც ვაზიარე. ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ. არ გვაქვს არავითარი უფლებამოსილება [რამე რეკომენდაციის], სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სინოდს არ უმსჯელია ეპარქიების გადანაწილებაზე, გელათის საკითხზე, არც უკრანის ავტოკეფალიის აღიარებაზე.

საპატრიარქოს ცნობით, სხდომის ოქმი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სხდომა 12:00ზე იყო ჩანიშნული, თუმცა ის რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდა. მიტროპოლიტის განმარტებით, დაგვიანების მიზეზი ის გახდა, რომ პატრიარქი თავს სუსტად გრძნობდა.

სინოდის ბოლო კრება 2021 წელს ჩატარდა.