რა შეღავათები ექნებათ რესტორნებს, ივენთკომპანიებსა და კინოთეატრებს – თურნავა მთავრობის გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რესტორნების, ივენთკომპანიებისა და კინოთეატრებისთვის შემუშავებულ საშეღავათო გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით,  ეს ინდუსტრიები პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ლიზინგისა და სესხის სუბსიდირების პროექტში ჩაერთვებიან. როგორც მინისტრმა თქვა, ყველაზე მასტაბური ეს დახმარება იქნება რესტორნებისთვის და, სულ მცირე, 1500-მდე დაწესებულებას შეეხება.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ და დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა კომპონენტში. პირველ რიგში, ეს ცვლილება ეხება რესტორნების ინდუსტრიას. როგორც გვქონდა გაცხადებული, რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას – სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას. განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სარესტორნო ინდუსტრია, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და მაქსიმალურად სწრაფად გვინდა შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი.

ხვალიდან დავიწყებთ, საგენტო დაიწყებს,  ბანკებიდან განაცხადების მიღებას.  მოვუწოდებთ რესტორნებს აქტიურად მიაკითხონ თავიანთ კრედიტორ ბანკებს. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს 6 თვის განმავლობაში ვერ იგრძნიბენ. ეს ის მოთხოვნა იყი რასაც ჩვენთან ძალიან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია და საბოლოო ჯამში, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

400 მლნ ლარის სასეხო პორტფელი არის რომლის მომსახურებაშიც გვერდში ვუდგავართ და ვეხმარებით რესტორნებს. დაახლოებით, ვვარაუდობთ, რომ 6 თვის განმავლობაში 30 მლნ ლარის ბიუჯეტი იქნება საჭირო. სულ მცირე 1500-მდე რესტორნას და დაწესებულებას შეხება ეს დახმარება.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მთავრობა სხვა მიმართულებითაც ეხმარება რესტორნებს ისევე როგორც მთლიანად ტურისტულ სექტორს. ეს არის საგადასახადო შეღავათები, უპრეცედენტო. რადგან ამ დარგისთვის კეთდება ქონების გადასახადის 4 თვის პრაქტიკულად ჩამოწერა და მთლიანად 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება და პატიება და შემდეგ უკვე შეღავთები 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ცვლილებები, რაც პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება, შეეხება ასევე ივენთკომპანიებს, ასევე – სესხსა და ლიზინგის პროცენტზე შეღავათებიც.

მინისტრის განცხადებით, ამ ცვლილებით ისარგებლებენ ასევე კინოთეატრები, რადგან ეს სფეროც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია.