„რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ევროპულმა მხარემ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე საკითხი – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ყველა ის მოვლენა, რომლებსაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არ მიდის სწორი მიმართულებით, სადაც კანდიდატი ქვეყნები უნდა იყვნენ. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები მოჰყვება იმას, რომ საქართველოს მთავრობა იყენებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ევროპულმა მხარემ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე საკითხი – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“.
კითხვაზე, რა ზომებს შესთავაზებს დღეს მინისტრებს და მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას, კალასმა აღნიშნა:
„ჩვენ გვქონდა ეს დისკუსიები. ჩვენ ვართ 27 დემოკრატიული ქვეყანა საკუთარი მოსაზრებებით და ამას სჭირდება დრო. ჩვენ წარვადგინეთ სია იმ დასანქცირებული ადამიანებისა, რომლებიც, როგორც იცით, იყენებენ ძალას ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ უვიზო რეჟიმს, თუ როგორ უნდა შევზღუდოთ და არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ კომისიისთვის ამ წინადადების შემუშავების დავალება. პირველ ყოვლისა, სია უკვე შემოთავაზებულია. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ მას, მაგრამ ყველა უნდა დათანხმდეს სიას, ჩვენ ჯერ არ შევთანხმებულვართ“, – განაცხადა კალასმა. [„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თარგმანი]
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. შეხვედრას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხსაც განიხილავენ. იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც.