ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში 2021 წლის იანვრიდან ცვლილებები შევიდა.
პროგრამის მიზანი ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირებაა და 0-7 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
მშობელთა ნაწილისთვის პროგრამაში შესული ცვლილებები, რომელიც 5-7წლამდე ბავშვებს ეხებათ, სიახლე აღმოჩნდა.
ცვლილებების მიხედვით 5-7 წლამდე ბავშვებს თვეში 8 ვიზიტის ნაცვლად 6 ვიზიტი დაუფინანსდებათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ადრეული განვითარების სპეციალისტი ბენეფიციართან თვეში 6 შეხვედრას ჩაატარებს.
სოციალურ ქსელებში მშობელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს პროგრამაში ცვლილებების გამო.
„პუბლიკა“ შეეცადა გაერკვია, რა სახის ცვლილებები შევიდა პროგრამაში.
სამინისტროს ცნობით, ცვლილებები, რომელიც ადრეული განვითარების პროგრამაში შევიდა ჯანდაცვის სამინისტრომ ადრეული განვითარების კოალიციასთან თანამშრომლობით შეიმუშავა და მიზანი პროგრამის ეფექტიანობის გაზრდაა. ცვლილებების შესახებ პროფესიული წრეები დიდი ხანია, ინფორმირებულები არიან და ამბობენ, რომ პანდემიასთან ის კავშირში არაა.
2021 წლამდე სახელმწიფო ბავშვს, რომელიც სერვისს 2 წლის განმავლობაში იღებდა, მესამე წელს 6 ვიზიტს უფინანსებდა, მეოთხე და მომდევნო წელს კი ვიზიტების რაოდენობა თვეში 4-მდე მცირდებოდა.
ახალი ცვლილებებით კი, პროგრამის ბენეფიციარი 5-7 წლამდე ყველა ბავშვი მიიღებს 6 ვიზიტს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელია, ამ პროგრამაშია ჩართული.
ადრეული განვითარების კოალიციის თავჯდომარის რუსუდან ბოჭორიშვილის თქმით, ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს ბავშვის ადრეულ განვითარებას, რომელიც, ძირითადად, უმეტეს ქვეყნებში 3 წლამდეა ან 5 წლამდე ბავშვებს მიეწოდებათ.
„ჩვენთან 7 წლამდე იმის გამოა, რომ ბაღი ვერ უვსებს იმ საჭიროებებს, რომელიც აქვთ განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვებს. შესაბამისად, საქართველო გამონაკლისია და 5- 7 წლამდე ბავშვებს მაინც ვტოვებთ ამ პროგრამაში.“ – ამბობს რუსუდან ბოჭორიშვილი.
მისი თქმით, პროგრამის მიზანია, 3 წლამდე ოჯახის გარემოში ადრეული განვითარების სპეციალისტმა იმუშაოს ბავშვთან და ასევე გააძლიეროს ოჯახი, დაეხმაროს მშობლებს პოზიტიური მშობლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში.
3-5 წლამდე ასაკში პროგრამის მიზანი ბავშვის ბაღში ტრანზიციის პროცესის მხარდაჭერაა, სადაც ასევე უწევენ დახმარებას ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს.
5-7 წლამდე ასაკი კი სკოლაში ბავშვის ტრანზიციისთვის ეტაპია, როცა სპეციალისტი მუშაობს სკოლის პედაგოგებთან მოსწავლის სკოლაში ინტეგრაციისა და მხარდაჭერისთვის.
„ხანდახან სწორად არაა გაგებული, რა არის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის მიზანი. ეს არ არის ბავშვის რეაბილიტაცია. ამ პროგრამის მიზანია ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების სტიმულირება და ოჯახის მხარდაჭერა, რომ მშობლებს პოზიტიური აღზრდის უნარი განუვითარონ. 3 წლიდან ბაღის აღმზრდელ-პედაგოგების მხარდაჭერაა მიზანი, 6 წლიდან – სკოლის აღმზრდელთან მხარდაჭერა. საამისოდ კი 6 ვიზიტი სრულიად საკმარისია“. – ამბობს რუსუდან ბოჭორიშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ პროგრამაში აღნიშნული ცვლილებები დიდი ხანია დაგეგმილია და ის პროფესიულ თემთან ერთად შემუშავდა. მისი თქმით, 2021 წელს ვიზიტების რაოდენობა მცირედით გაიზარდა და 16 800-მდე აღწევს. პროგრამაში სულ 1500-მდე ბავშვია ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რაც შეეხება შეკითხვას, პროგრამაში ჩართვის მსურველთა სიაზე, – „მომლოდინეთა სია გვაქვს. ჩვენ დისტანციურ სერვისებზე ვართ ახლა გადასული და როგორც კი განახლდება კონტაქტური სერვისები, განახლდება ჩარიცხვებიც. რადგან ბავშვი უნდა შეაფასოს მულტიდისციპლინურმა გუნდმა, რომ შედგეს ინდივიდუალური განვითარების გეგმა.“ – განაცხადა თეა გვიმრაძემ „პუბლიკასთან“