რა შემთხვევაში ჩაუტარდებათ სწრაფი ტესტირება უსიმპტომო ადამიანებს – მინისტრის განმარტება

პუბლიკა

„უსიმპტომო ადამიანებს ტესტირება ჩაუტარდებათ ეპიდემიოლოგებისა და პირველადი ჯანდაცის რგოლის მხრიდან ეჭვის საფუძველზე. ეს ძირითადად იქნება მათი ანამნეზის დეტალური შეკრების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება და თუ ისინი მიიჩნევენ საჭიროდ, რომ ამ ადამიანს ჩაუტარდეს ტესტირება, მაშინ ჩაუტარებენ“, – ასე უპასუხა ჯანდაცის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შეკითხვას, რა შემთხვევაში ჩაუტარებენ ტესტს უსიმპტომო ადამიანებს.

„დღესდღეობით საქართველო არ იმყოფება გავრცელების იმ ფაზაზე, რომ ჩვენ მოვახდინოთ სწრაფი ტესტის ჩატარება ანტისხეულებზე, ვინაიდან ჩვენი ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჯერ მოსახლეობაში არ არის გავრცელების ის კოეფიციენტი, როცა ჩვენ შეგვიძლია, ვეძებოთ უკვე გადატანილი ინფექციები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჯერ ალგორითმის გაფართოება ამ კუთხით არ იგეგმება, თუმცა დღის წესრიგში დგას და განვიხილავთ იმას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველა უსიმპტომოსაც ჩავუტაროთ ტესტირება“, – განაცხადა ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში.