რა შემთხვევაში დაუჭერს ოპოზიცია მხარს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუკი მთავრობა წარმოადგენს ანტიკრიზისულ გეგმას. უფრო კონკრეტულად კი, გეგმა უნდა ასახავდეს, თუ როგორ აპირებს მთავრობა პანდემიის დასრულების შემდგომ დაძლიოს მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი, როგორ დაეხმარება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს და რას აპირებს აქვს მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით.

ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ პარტია მხარს დაუჭერს ჯანდაცვის სფეროში ნებისმიერი ტიპის შეზღუდვას, რომელიც აუცილებელია ადამიანის სიცოცხლისათვის რისკების შესამცირებლად, – „მაგრამ, რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის ფარსი. როცა ასეთ შეზღუდვებს უწესებ მოქალაქეებს, ეუბნები დარჩი სახლში და ლეგიტიმური მიზეზებიც გაქვს, რომ ეს უთხრა, მაგრამ ამავე დროს არაფერს არ სთავაზობ, თუ როგორ შეინახოს ოჯახი, როგორ განაგრძოს ცხოვრება.“

მისივე განმარტებით, ანტიკრიზისული გეგმის საკვანძო კომპონენტები უნდა იყოს, –პირდაპირი დახმარება იმ მოქალაქეებისთვის,  რომლებსაც შეეზღუდათ შესაძლებლობა, ოჯახები შეინახონ, გადასახადების განულება და დაწევა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას თან უნდა სდევდეს ანტიკრიზისული ზომების პაკეტი, – ერთი მხრივ, ბიუჯეტში ცვლილებები, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს უმუშევრად დაჩენილი მოქალაქეების მხარდაჭერას, მათ შორის – ფულადს და ასევე იმ ზომებს, რომელიც უნდა გატარდეს ბიზნესის გადასარჩენად.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, იმისათვის, რომ ფრაქციამ გადაწყვეტილება მიიღოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ, მთავრობამ უნდა წარადგინოს კრიზისის დაძლევის გეგმა.

„თუნდაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის მხრიდან დახმარების გარეშე გეგმაც უნდა არსებობდეს. იქნებ, საერთოდ ვერ გვეხმარებიან, ყველა ქვეყანას თავისი პრობლემა აქვს. ამის გარეშეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ მცირე, საშუალო ბიზნესთან რა ხდება, მოქალაქეებთან მიმართებაში რა ხდება და ა.შ.“, – ამბობს კობერიძე.

11 აპრილს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი დამოკიდებული იქნება იმ მოცემულობაზე, თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში 21 აპრილის წინა დღეებში.