ჯერჯერობით, საქართველოში ჩამომსვლელი ყველა პირისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის მოთხოვნა ძალაში რჩება, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა პირს შეუძლია, კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადავიდეს.
რა შემთხვევებზე ვრცელდება ეს გამონაკლისი და რა უნდა გააკეთოს თვითიზოლაციაში გადასვლის მსურველმა საქართველოში ჩამოსვლამდე.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე საქართველოს მოქალაქემ, თუ მას თვითიზოლაციაში სურს გადასვლა, უნდა შეავსოს სპეციალური განაცხადი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უწყება უკლებლივ ყველა ასეთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თვითიზოლაციაში გადასვლის მსურველმა პირებმა მთელი რიგი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.
მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ფიზიკურ პირთა იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის წესებზეა, წერია, რომ თვითიზოლაციის სურვილის შემთხვევაში საქართველოში ჩამოსვლამდე პირი ავსებს თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმას. ეს ფორმა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. ამ განაცხადის საფუძველზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სწავლობს თვითიზოლაციისთვის მითითებული საცხოვრებელ გარემოს.
დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ საცხოვრებელი გარემოსა და პირობების დაკმაყოფილება ერთადერთი გარემოება არაა, რისი მიხედვითაც მიიღება გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდეს პირის მოთხოვნა თვითიზოლაციაში გადაყვანაზე.
დადგენილების მიხედვით, თვითიზოლაციაში მოთავსება-გადაყვანა შესაძლებელია:
- პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის [ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სენსების საჭიროების და სხვა] გათვალისწინებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას;
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტებული პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობის გათვალისწინებით, თვითიზოლაციის წესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია ან დიპლომატიური მისია;
- სხვა განსაკუთრებული გარემოებების/სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.
ამავე დადგენილების მიხედვით, იზოლაციას და კარანტინს არ ექვემდებარებიან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები; საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას.
დელეგაციის წევრებს ევალებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამდასტურებელი საბუთის წარმოდგენა, ხოლო საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს საქართველოში ჩამოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში pCR კვლევის ჩატარება, ხარჯს ბიუჯეტი ანაზღაურებს.