საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ბოლო დღეებში 112-ში დიდი რაოდენობით არამიზნობრივი ზარები შედის და გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი გადაიტვირთა. ნათია მეზვრიშვილი განმარტას კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე რა შემთხვევაში უნდა დარეკონ მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე, 144-ზე და რა შემთხვევაში აკრიფონ 112.
„ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას, მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ან მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე“, – თქვა მეზვრიშვილმა.
მეზვირშვილის თქმით, ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ეხება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ან საოპერაციო შტაბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე.
„მაგალითად, თუ პირობითად რომელიმე ქალაქში შესვლა-გასვლაზე დაწესდა შეზღუდვები, ან რომელიმე სკოლაში დაწესდა თუ მოიხსნა შეზღუდვები, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე. ხოლო ყველა იმ კითხვით, რომელიც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, კორონავირუსთან ან ვირუსის სიმპტომებთან არის დაკავშირებული, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ 112-ს.
მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, თავი შევიკავოთ არამიზნობრივი ზარებისგან. პირობითად, ერთ დახველებაზე არ დავრეკოთ 112-ზე. რეალურად, თუ სიმპტომები იქნება და ამ სიმპტომების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის როგორც stopcov.ge-ზე, ასევე მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთ შემთხვევაში დავრეკოთ 112-ზე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.