რა შეთანხმებით დასრულდა შეხვედრა ნამოხვანში

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცაგერიდან სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად ჩავიდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრეს. მინისტრებმა შესთავაზეს რიონის ხეობის მცველებს, სასურველ ფორმატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათ თავად მიიღონ და შეატყობინონ უწყებებს. მათ ასევე მზაობა გამოთქვეს, რომ შეხვედრას დაესწრონ ის ექსპერტები, რომელიც მოსახლეობას სურს და რომ შეხვედრა იყოს საჯარო.

ადგილობრივი აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეხვედრა პარასკევს, 12 მარტს გაიმართება. ამავდროულად ძალაში რჩება 14 მარტის აქცია.

„პარასკევს იქნება აღნიშნული შეხვედრა და ჩვენ დავგეგმავთ რა ფორმატში იქნება, საჯაროობას და ა.შ და ვისაუბრებთ მხოლოდ იმ მწვავე საკითხებზე და მოვისმენთ ამ მწვავე საკითხებზე თავის მართლებას ხელისუფლების მხრიდან. ვფიქრობ, რომ სწორი იქნება ყველას მიეცეს საშუალება, რომ საკუთარი პოზიციები ბოლომდე გამოხატოს, ამიტომ ჩვენ არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ ყვირილით და წივილ-კივილით მოვაგვაროთ ეს პრობლემა, არამედ იმდენად მართალი არის ეს პროცესი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, თავისთავად მივიყვანთ გადაწყვეტამდე. ამისი დიდი იმედი გვაქვს და ეს მოხდება პარასკევს, თუკი ისინი პოზიციებს არ შეიცვლიან, კვირას ჩვენ ყველანი შევიკრიბებით და საბოლოოდ ის ულტიმატუმი, რაც გვაქვს წაყენებული არის ძალაში და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე ყველა ერთად, მშვიდობიანად“,- ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

„დაველოდებით თქვენს შეტყობილება. პარასკევი დღე თუ გაწყობთ, ჩვენ მზად ვართ. მზად ვართ, თქვენთან ერთად, ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში გავაგრძელოთ საუბარი, არა მხოლოდ საუბრისთვის, არამედ გარკეული შეთანხმებისთვის და შედეგისთვის”, – მიმართა შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა თურნავამ მოსახლეობას.