რა შეზღუდვა დაწესდება ბაღებში ბავშვთა რაოდენობაზე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი – ფერაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები იმ მოთხოვნების დასადგენად, რომელთა შესრულება კერძო/საჯარო სკოლებსა და ბაღებს მოუწევთ.

ფერაძის თქმით, საუბარია როგორც პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაზე, ასევე იმ ფართობის განსაზღვრაზე, სადაც მოსწავლეები დაიშვებიან. ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად ის აცხადებს, რომ, ბაგა-ბაღების ამუშავების შემდეგ არ არის გამორიცხული, ბავშვთა ჯგუფებში ნაკადი შემცირდეს.

„გამიჭირდება დღეს ვისაუბრო დეტალურად იმ პროტოკოლზე, რომელიც განისაზღვრება. რამდენიმე დღეში უფრო ნათელი იქნება და ღიად ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ამ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ზოგადი მოთხოვნები იქნება, როგორიცაა: დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო სამუშაოები… რაც შეეხება სხვა პროტოკოლურ მოთხოვნებს, კერძო და სახელმწიფო სექტორთან უშუალო კომუნიკაციით გასაჯაროვდება. მათ შორის [ბავშვების] რაოდენობაც იქნება დაზუსტებული“, – განაცხადა ფერაძემ.

ჟურნალისტმა დააზუსტა, სამუშაო ვერსიაში წერია თუ არა, რომ 5 კვადრატზე დაიშვება ერთი ბავშვი, რაზეც ფერაძემ უპასუხა: „სამუშაო ვერსია ამ მომენტისთვის არ არის ხელმისაწვდომი არც ერთი მედიისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები და გადაწყვეტილება – დისტანციაზე, ბავშვთა დაშვებაზე, რაოდენობის შეზღუდვაზე უახლოეს პერიოდში მიიღება”.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს ჰკითხეს, არის თუ არა გამორიცხული ბავშვთა ნაკადის შემცირება:

„გამორიცხვით, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ. ეს არის რეკომენდებული, თუმცა რა რაოდენობით იქნება – ეს არის კონსენსუსზე, მოლაპარაკებაზე [დამოკიდებული]. აღსრულებადი რომ იყოს, რეალობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის გაზაფხულიდან საქართველოში სასწავლო დაწესებულებები – სკოლები და ბაღები – დაკეტილია.