რა შეზღუდვები (არ) რჩება ძალაში 24 დეკემბრიდან - საბჭოს გადაწყვეტილება სრულად

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები აღარ შემსუბუქდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბიც გათვალისწინებული იყო მისი შემოღების დროს. ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში.

ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებენ აგრარული ბაზრები იმ პირობით, რომ დაიცავენ უსაფრთხოების წესებს.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ზემოაღნიშნულ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ცენტრების მუშაობა, თუ ისინი დაიცავენ წესებს.

გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე
  • მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც: მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი; მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.
  • ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ;
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით
  • ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები
  • აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას
  • ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

„მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროებისა და მათთან არსებული რესტორნების მუშაობა მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.