საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან და რას გულისხმობს 2-დღიანი გამონაკლისი.
მისი თქმით, 27 აპრილიდან, ხვალიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
„გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი ხვალიდან, 27 აპრილიდან ამოქმედდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება, სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
ამასთან, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებსა და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს”, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით.
თუმცა, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.
„27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით და არა სხვა მიზნებით, ხაზს ვუსვამ – მხოლოდ ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე”, – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.
როგორც ის აცხადებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე შესაძლოა მოხდეს როგორც მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა.