უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებას ახალი რეგულაციების შესახებ ამცნო. საბჭომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა:
სადღესასწაულო ლიტურგია
მთავრობის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის: ტაძრებში უზრუნველყოფენ გახმოვანების სისტემას, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;
გადაადგილების შეზღუდვა
გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;
სასაფლაოებზე გასვლა
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;
მუნიციპალური ტრანსპორტი
როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მთავრობის განცხადებით, მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი.
მთავრობის განცხადებით, შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;