სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის” NGO-ებისა და სამოქალაქო აქტივისტების „გადამზადებას” USAID-ის მოწვევით ჩამოსულ ტრენერებს უკავშირებს.
უწყება წერს, რომ აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ აქვე მიუთითებენ, რომ „გამოძიებით დადგენილა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო”.
„სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის” ვებგვერდზე ჯერ კიდევ 18 აგვისტოს გამოქვეყნდა სასწავლო კურსის შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნული პროგრამა არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).
სასწავლო კურსის შესახებ:
„სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები მომავალი საქმიანობისთვის.
ოთხდღიანი კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განსახორციელებლად ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად.
სასწავლო კურსს წამყვანი სერბული ორგანიზაციის — CANVAS-ის („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი“) ტრენერები გაუძღვებიან”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სასწავლო კურსის თემებია:
- საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის მომავლის ხედვაზე მუშაობა;
- ძალაუფლების დანაწილების ანალიზი და მხარდამჭერების/თანამოაზრეების გამოვლენა-მობილიზება;
- ცვლილების მექანიზმები: როგორ დავარწმუნოთ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ცვლილებების საჭიროებაში;
- მიზანმიმართული კომუნიკაცია: ცვლილებებისთვის საჭირო კომუნიკაციის ეფექტიანი გზების განსაზღვრა;
- კრეატიული ტაქტიკების გამოყენება;
- სამოქმედო გეგმისა და კამპანიების სტრატეგიების შემუშავება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი მიაჩნია, რომ:
„ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.
მათ მიერ 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში ქ. თბილისში მდებარე სასტუმროში „იბისი“ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს.
მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი”.