რა ტიპის და რამდენი ტესტის მარაგი აქვს საქართველოს – გამყრელიძის განმარტება

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ფეისბუქის გვერდზე ლაივის მეშვეობით უპასუხა მედიის შეკითხვებს, რომელიც ცენტრის დირექტორს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა წინასწარ გაუგზავნეს.

„პუბლიკამ“ ამირან გამყრელიძეს ტესტებსა და მათ მარაგზე რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. კერძოდ, ცენტრს მივაწოდეთ შემდეგი კითხვები:

  • დღეის მდგომარეობით, ჯამში, pcr ტექნოლოგიაზე დაფუძნებული რამდენი ტესტია ხელმისაწვდომი საქართველოში [მათ შორის, რამდენია ისეთი, რომელსაც 4 საათი სჭირდება კვლევისთვის და რამდენი ისეთი, რომელსაც საათ-ნახევარი სჭირდება.]
  • ასევე, სულ რამდენი სწრაფი ტესტია საქართველოში, ჯამში, ხელმისაწვდომი და ჩაშლილად გვითხარით – დასახელებული ჯამიდან რამდენია ანტიგენზე დამყარებული და რამდენი – ანტისხეულზე.
  • გაქვთ თუ არა ინფორმაცია კერძო სექტორში სწრაფი ტესტების რაოდენობაზე? სულ რამდენ ლაბორატორიას მიეცა სწრაფი ტესტების ჩატარების უფლება? რა ფასად ტარდება ეს ტესტები? და რა რაოდენობა შეისყიდა კერძო სექტორმა?
  • როდის გაჩნდება საქართველოში ​PCR-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ტესტები, რომლებშიც დიაგნოსტირების დრო 45 წუთამდეა შემცირებული. თქვენს ერთ-ერთ გამოსვლაში თქვით, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკება ამერიკულ კომპანიასთან მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძემ ლაივჩართვაში ტესტების მარაგზე შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, დღეის მდგომარეობით, pcr ტექნოლოგიით ე.წ. ოქროს სტანდარტით 3500-მდე ტესტია ჩატარებული. გამყრელიძის თქმით, 20 000-მდე Pcr-ის ტესტს ელოდებიან ამ კვირაში და მაისის შუა რიცხვებისთვის ქვეყანაში pcr-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული 60 000-მდე ტესტის მარაგი უნდა იყოს. მისი თქმით, ქვეყანას შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოლაპარაკებები მიდის იმ ამერიკულ ორგანიზაციასთანაც, რომელმაც შექმნა Pcr-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აჩქარებული ტესტი, რომლის გამოყენების დროსაც ლაბორატორიული კვლევისთვის 45 წუთია საჭირო.

მან თქვა, რომ ქვეყანა მუშაობს ამ მიმართულებით და ეს ტესტები შემოვა საქართველოში, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია. ასევე, არ დაუკონკრეტებია შესასყიდი ტესტების რაოდენობა.

საუბარია ტესტზე, რომელსაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ [FDA] დასტური მისცა ორი კვირის წინ. ეს არის PCR-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ტესტები, რომლებშიც დიაგნოსტირებისთვის დრო 45 წუთამდეა შემცირებული.

რაც შეეხება სწრაფი ტესტების მარაგთან დაკავშირებულ შეკითხვებზე  პასუხს, ამირან გამყრელიძეს კონკრეტულად არ უთქვამს, საქართველოში ამჟამად სულ რამდენი სწრაფი ტესტია ხელმისაწვდომი, ზოგადად განაცხადა, რომ ასეთი ტესტები ხელმისაწვდომია და ქვეყანაში არის როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დაფუძნებული ტესტები.

„შემოტანილია ქვეყანაში სწრაფი ტესტები, რომელიც აქვს გორის ჰოსპიტალს და არის სწრაფი ანტიგენსა და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები, რომელთა მარაგი სულ უფრო და უფრო ივსება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე ახსენა ლაბორატორიული ტესტირების ახალი ალგორითმი, რომელიც დამტკიცდა და რომელიც, მისივე თქმით, ტესტებს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის. ამავე გამოსვლაში ისაუბრა კერძო სექტორის როლზე და თქვა, რომ სახელმწიფო მოუწოდებს კერძო სექტორს, რომ იაქტიურონ ტესტების შემოტანის კუთხით.

„ჩვენ ხშირად მოვუწოდებთ კერძო სექტორს რომ მეტი იაქტიურონ ტესტების შემოტანაში. რამდენიმე ტესტი დარეგისტრირებულია როგორც pcr ისე სწრაფი. ახლა დგინდება სახელმწიფო ტარიფი თითო ტესტზე, ტესტებზე ანაზღაურებას სახელმწიფო გააკეთებს შესაბამისი პროგრამის ფარგლებში.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ თმცა არ უთქვამს რა ეღირება ეს ტესტები, ანუ რამდენად განაფასა სხვადასხვა ტიპის ტესტი სახელმწიფომ.