„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გასული წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ანალიზი გამოაქვეყნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ყოველთვიური პროაქტიული გამოქვეყნება 2018 წელს დაიწყო. ამავე წლიდან, სამინისტროს განმარტებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემაც. IDFI შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზზე ბოლო წლებია, აქტიურად მუშაობს.
რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკის ძირითადი მიგნებები:
-
2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ იქნა 54,435 დანაშაული, რაც 3.39%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით;
-
2022 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი – 62.1%, რაც ბოლო 17 წლის მანძილზე უპრეცედენტოდ მაღალ შედეგს წარმოადგენს;
-
2022 წელს დანაშაულთა საერთო რაოდენობის კლება უმეტესწილად დაკავშირებულია ქვეყანაში კარანტინის წესების გაუქმებასთან. მაგალითად, 2021 წელს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის 1,637 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2022 წელს მხოლოდ 4.
-
2022 წელს გარკვეულწილად შემცირებულია ისეთი მძიმე დანაშაულები როგორიცაა: განზრახ მკვლელობა (-8.7%), მკვლელობის მცდელობა (-15.91%), ყაჩაღობა (-31.17%), ქურდობა (-5.9%);
-
2022 წელს, მიუხედავად რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის შემცირებისა, ზრდის ტენდენცია ფიქსირდება შემდეგი სახის დანაშაულებში: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (+26,3%), ძარცვა (+22,4%), ნარკოტიკული დანაშაული (+41.26%), დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (+9.06%), ფულადსაკრედიტო სისტემაში მომხდარი დანაშაული (+33.97%), დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში (+83.68%);
-
2022 წელს ნარკოტიკულ დანაშაულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, სავარაუდოდ, განაპირობა კონტროლის გამკაცრებამ, რაც შესუსტებული იყო საარჩევნო 2020 (საპარლამენტო არჩევნები) და 2021 (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) წლებში;
-
2020 წლიდან, შსს-ს ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, საეჭვოდ უმჯობესდება ისეთი დანაშაულის სტატისტიკა, რომელთა აღრიცხვიანობის არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობდა წინა წლებში. მაგალითად, რეგისტრირებული ქურდობის მაჩვენებელი 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, 21%-ით შემცირდა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელი 34%-ით გაიზარდა.
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი
IDFI-ის შეფასებით, დანაშაულის დეტალურად აღრიცხვა პირველ რიგში დანაშაულთა ტენდენციებზე გვაწვდის ინფორმაციას, ამავდროულად თვალნათელს ხდის იმ საყურადღებო სტრუქტურულ ფაქტორებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, სტატისტიკური ინფორმაცია შესაძლოა, მანიპულაციის საგანიც გახდეს, ზრდის ან კლების მშრალმა რიცხვებმა კი არასწორი მიმართულება მისცეს საზოგადოებრივ დისკუსიებს.
„2022 წელს, წინა წელთან შედარებით, აღრიცხულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის კლება უმეტესწილად განპირობებულია, ერთი მხრივ, კარანტინის წესების მოხსნით, ხოლო, მეორე მხრივ, იმ დანაშაულების კლებით, რომელთა აღრიცხვიანობის სიზუსტესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვები არსებობდა წინა წლებში.
ასევე, საკითხის კომპლექსური შესწავლით და დაკვირვებით გამოვლენილი გარემოებები (მოკლევადიან პერიოდში დანაშაულის მკვეთრად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებები და სხვა) აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის სანდოობაზე. აღნიშნული, ასევე შესაძლებელია უკავშირდებოდეს გარკვეულ მეთოდოლოგიურ ცვლილებებს, რომლის შესახებ საჯარო განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ გაკეთებულა”, – ამბობენ ორგანიზაციაში.
მათივე შეფასებით, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგიური ცვლილებები თუ სტატისტიკის არასრულყოფილი აღრიცხვის პროცესი წარმოშობს რეალური კრიმინოგენური მდგომარეობის შეფასების მანიპულაციურ შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს.