რა ტიპის შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან? - მთავრობა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

პუბლიკა

დღეს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი გაიმართა, სადაც მან განცხადა, რომ შეზღუდვების ნაწილი უფრო ადრე მოიხსნება, ვიდრე ეს ეკონომიკის ამოქმედების 6-ეტაპიანი გეგმით არის გათვალისწინებული.

მთავრობის კანცელარია შეზღუდვებზე, რომლებიც 5 მაისიდან მოიხსნება, დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია:

► ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

► ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;

► ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

? ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?

არა. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

? დასაშვებია თუ არა ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?

არა. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

? დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?

არა. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

? ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედებისა და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?

დიახ.

? ავტოტექმომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?

დიახ.