პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიხსნა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს. მისი განცხადებით, „რა თქმა უნდა, კომფორტული არ არის“, როცა დღევანდელ სესიას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
„სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენი პარლამენტის ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს არ ესწრებიან სხდომას. საინტერესო შემთხვევა იყო, აქ როდესაც შემოვდიოდით , ჟურნალისტებს ასეთი შეკითხვა ჰქონდათ -კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს, როდესაც პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია ან როდესაც მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი, – რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის.
გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში უნდა იყოს მიღებული ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გავქონდა გასული წლების განმავლობაში. არასოდეს არ შეგვშინებია შინაარსობლივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენს კომფორტს რომ დავანებოთ თავი, რა თქმა უნდა, ეს არ არის კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნების დროს ხმა მისცეს 9 პარტიას და რომლებმაც განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.