რა თქმა უნდა, ეს მომეტებული საფრთხეა – ზახაშვილი ახალ შემთხვევებზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი შემთხვევები, რომელთა წყაროც, ჯერჯერობით, უცნობია, მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ცოტა უფრო მომეტებული საფრთხე და საფრთხე იმისა, რომ ადამიანები უფრო უყურადღებონი გახდნენ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ და ცოტა მეტი თავისუფლება მისცეს თავიანთ ქცევებს, რითაც საფრთხე შეუქმნეს როგორც საკუთარ, ისე საზოგადოების ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, ეს ესეთი დაავადებაა, რომ მიმდინარეობს და როცა გამოუვლინდებათ სიმპტომები, ორი დღით ადრე, ეს ადამიანები უკვე გადამდებლები არიან. ხოლო სიმპტომების გამოხატულება იწყება, ხანდახან, ძალიან მსუბუქად და დაახლოებით მხოლოდ 20%-ს  უმძიმდება ეს დაავადება ერთი კვირის ან ცოტა მეტი პერიოდის შემდგომ. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც არ გამოვლინებიათ ან მსუბუქად გამოუვლინდათ, სწორედ ასეთი ადამიანები ხდებიან გამავრცელებლები“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

მისი თქმით, თუ ადამიანები ყველგან და ყოველთვის დაიცავენ რეკომენდაციებს, გამოიყენებენ პირბადეს, დაიცავენ ჰიგიენას, ამ ეტაპზე შესაძლებელია ეს იყოს საკმარისი და შეზღუდვების გამკაცრება საჭირო აღარ გახდეს.