„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დაეთანხმა ჟურნალისტის შეკითხვას – შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ის საფუძვლიანი ეჭვები, რაც ვრცელდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზებზე, ძალიან სამწუხაროა. მან საუბრისას პარალელი გაავლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებულ სიტუაციასთან.
„დიახ, რა თქმა უნდა. შეიძლება კი არა, ის საფუძვლიანი ეჭვები, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რაც ვრცელდება მისი გარდაცვალების მიზეზებზე, ძალიან სამწუხაროა, ესეც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. ამავდროულად არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს, ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს ციხეში დაღუპულ ასობით პატიმარს.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ დღეს ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა ასეთ გაურკვეველ ვითარებაში და ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, „ენჯეოს“ ზოგიერთ წარმომადგენელი და დღეს ამ საკითხზე რუსეთის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვთ ამ ადამიანებს საქართველოს კონტექსტში და კითხვებიც კი ისმება ასეთ საკითხებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის პარადოქსი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ოდნავ მორალი თუ აქვს, ნავალნისთან შედარებაზე ლაპარაკი ვერ უნდა გაბედოს.
„მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, რომელმაც შექმნა სისტემა, სადაც გაურკვეველ გარემოებებში იღუპებოდა ასობით ადამიანი. ოდნავ მორალი თუ აქვს, ადამიანმა როგორ უნდა გაბედო ამ შედარებაზე ლაპარაკი, როდესაც დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან ლუქსში? ძალიან გთხოვთ, დაგუგლოთ, რანაირ საკანში იჯდა ნავალნი პატიმრობის დროს. ერთმანეთის გვერდით დადეთ ორივე ფოტო და რანაირი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებით დაწყებული, პირობებით გაგრძელებული. უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, იმ სისტემის შემქმნელი, სადაც პატიმრები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან, არ არსებობს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ალექსეი ნავალნი დღეს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. ის 47 წლის იყო.