საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტში რიგგარეშე სესიის მოწვევა სრულიად ალოგიკური და შეუსაბამოა 12-პუნქტიან გეგმასთან.
მისივე თქმით, პუნქტების შესრულებას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. როგორც ის ამბობს, „ქართული ოცნება“ პარლამენტში, რიგგარეშე სესიის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ძალიან რბილად რომ შევაფასოთ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო უპირველეს ყოვლისა, 12-პუნქტიან გეგმასთან და 12-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებასთან, ვინაიდან პირველივე პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა, დეპოლარიზაციაზე მხარეებმა იმუშაონ. მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან დაჯდომა და საკითხების განხილვა, მომზადება უნდა შეძლონ. საკითხები ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე. მივიღეთ რა? საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებაზე, დეპოლარიზაციაზე, ახლა ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა პოლიტიკური სახე მიიღოს და პოლიტიკური ტრიბუნა მიეცეთ მხარეებს, რათა კიდევ პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს.
პოლიტიკური შეფასება უკვე ყველას მხრიდან გაკეთებულია, რომ გვაქვს 12 პუნქტი და ისინი შესასრულებელია. ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. 12 პუნქტიდან გამომდინარე, როგორც კი დაგვჭირდება სესია, ამას ჩვენ ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული. ასეთი მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას ამ შოუში. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ველოდებით ოპოზიციას მომდევნო კვირას ანტიოლიგარქიული საკითხების შესაბამის ფორმატში განსახილველად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით გამართულ საგანგებო ბრიგინზე მან ამ გადაწვენილების მოტივაციაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევაა და რომ ახლა შესვენება გამართლებული არ არის.