რა თქვა ბრალდების მხარის მოწმე სამედიცინო ექსპერტმა მზია ამაღლობელის პროცესზე

პუბლიკა

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. მან 12 იანვარს ექსპერტიზა ჩაუტარა როგორც ირაკლი დგებუაძეს, ასევე, მზია ამაღლობელს და სამედიცინო დასკვნა გამოსცა.

გივი ჩხარტიშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ ირაკლი დგებუაძეს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ეს დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

„დაინიშნა ირაკლი დგებუაძის და მზია ამაღლობელის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები – კერძოდ, ჩატარდა აღნიშნულ პირებზე დაზიანების არსებობის, მიყენებული საგნის, ხანდაზმულობისა და სიმძიმის ხარისხის დადგენა ვიზუალურად.

12 იანვარს ირაკლი დგებუაძე ჩემ წინაშე წარმოდგენილია პირადად, ექსპერტიზა დაიწყო 14:24 წუთზე, ჩატარდა მისი სხეულის გარეგნული დათვალიერება ვიზუალურად, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

ამავე დღეს წარდგა მოქალაქე მზია ამაღლობელი, 15:24 წუთზე, რომელსაც ასევე ჩაუტარდა ექსპერტიზა და გაიცა დასკვნა, რომლის თანახმადაც მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“, – თქვა მან.

მანვე ისაუბრა „სიწითლეზე“. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, ის არ შეუფასებია და არ აუსახავს დასკვნაში. აქვე მოწმემ აღნიშნა, რომ არ ახსოვს, ჰქონდა თუ არა ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზის ჩატარების მომენტში სიწითლე, თუმცა ამის მიუხედავად, ამას დასკვნაში, სავარაუდოდ, არ მიუთითებდა.

„სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, გაიცა შესაბამისი დასკვნა. იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე, მართალი გითხრათ არ მახსოვს, რომც ყოფილიყო არა მგონია, მიმეთითა დასკვნაში, რადგანაც უშუალოდ სიწითლე არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი. მე მხოლოდ ვაფასებ დაზიანების ობიექტურ ნიშნებს, სიწითლე რახან არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, ის ჩემი შეფასების საგანი არ არის“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ჩხარტიშვილმა თქვა, რომ შემოწმების მომენტში ირაკლი დგებუაძე უჩიოდა „სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის მიდამოს არეში“, თუმცა მისი თქმით, ტკივილის მცნება არის სუბიექტური ხასიათის, შესაბამისად, მას ვერ შეაფასებდა.

„როდესაც ტარდებოდა ექსპერტიზა ირაკლი დგებუაძე უჩიოდა ტკივილს მარჯვენა ყურის არეში… ტკივილის მცნება არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, ტკივილი არის სუბიექტური მცნება, სუბიექტური ჩივილი, შესაბამისად, მისი შეფასების კომპეტენცია მე არ გამაჩნია. რადგან ტკივილის მცნება არ არის სამედიცინო ექსპერტის კომპეტენცია, რადგან ის არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, ჩემი კვლევის სფერო ვერ იქნება, ტკივილს მე ვერ შევაფასებ, როგორც სამედიცინო ექსპერტი“, – აღნიშნა მან.

მზია ამაღლობელის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება – მას ესწრებიან გერმანიის, შვედეთისა და ესტონეთის ელჩები.