ევროკავშირის სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილებით, ბლოკის სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინება, რომელიც სხვა წევრ ქვეყანაში სამართლებრივად გაფორმდა.
სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა წყვილთან დაკავშირებით, რომელთა ქორწინებაც გერმანიაში გაფორმდა, ხოლო პოლონეთმა მის აღიარებაზე უარი თქვა.
სასამართლომ პოლონეთი გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს ქვეყანა არასწორად მოიქცა, როცა პოლონეთში დაბრუნებული ერთნაირქსესიანი წყვილის ქორწინება არ აღიარა იმ მოტივით, რომ პოლონური კანონმდებლობა ასეთ რამეს არ იცნობს.
„ეს არღვევს არა მხოლოდ გადაადგილებისა და ცხოვრების თავისუფლებას, არამედ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის ფუნდამენტურ უფლებასაც“. – განაცხადა სასამართლომ.
ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამართლებრივად უნდა აღიარონ ერთნაირსქესიანთა წყვილის ქორწინება, უკონტექსტოდ, დეტალების გარეშე, პროპაგანდისტული და ჰომოფობიური ნარატივებით გაავრცელა სამთავრობო პროპაგანდისტულმა „ტვ იმედმა“.
2018 წელს პოლონეთის მოქალაქეებმა, რომელთაგან ერთ-ერთი ამავდროულად გერმანიის მოქალაქეც იყო, გერმანიაში იქორწინეს. მოგვიანებით მათ პოლონეთში დაბრუნება გადაწყვიტეს. მათ სურდათ, ამ ქვეყანაში ეცხოვრათ ისე, როგორც დაოჯახებულ წყვილს. ამიტომ, ქორწინების მოწმობის გადატანა მოითხოვეს პოლონეთის საჯაო რეესტრში. თუმცა, ამაზე უარი მიიღეს.
მიზეზად დასახელდა ის, რომ პოლონეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, შესაბამისად, ქორწინების დოკუმენტის გადმოტანა იქნებოდა შეუსაბამო პოლონურ კანონმდებლობასთან.
წყვილმა სასამართლოს მიმართა.
ევროკავშირის სასამართლოს თქმით, ბლოკის მოქალაქეებს აქვთ თავისუფლება, წავიდნენ სხვა წევრ სახელმწიფოებში და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ჰქონდეთ „ნორმალური ოჯახური ცხოვრება“.
„როდესაც ისინი ქმნიან ოჯახს მასპინძელ წევრ სახელმწიფოში, ქორწინების ძალით, მათ უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ შეძლებენ ამ ოჯახური ცხოვრების გაგრძელებას წარმოშობის სახელმწიფოში დაბრუნების შემდეგ“. – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
CJEU ასევე აცხადებს, რომ ეს არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ეროვნულ კანონმდებლობაში დაუშვან ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინება. თუმცა, სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, მოახდინონ ქვიარ წყვილების დისკრიმინაცია და არ აღიარონ მათი ქორწინება, რომელიც სხვა სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული.
„ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა“, – ამბობს წყვილის ადვოკატი პაველ კნუტი Reuters-თან – „ეს ახალი დასაწყისია ერთსქესიანი წყვილების თანასწორობისა და თანაბარი მოპყრობისთვის ბრძოლაში“.
მისი თქმით, პოლონეთის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოს ახლა მოუწევს, გადაწყვიტოს, შეასრულებს თუ არა ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მიაჩნია, მისი შესრულება სავალდებულოა.
წლების განმავლობაში პოლონეთის ხელისფლება ლგბტქ+ თანასწორობისთვის ბრძოლას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, ამჟამინდელი მთავრობა სამოქალაქო პარტნიორობის, მათ შორის ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის რეგულირების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.