რა თქვა გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ - მოკლედ

პუბლიკა

დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ჩამოთვალა ის ღონისძიებები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს ხორციელდება და ის წესები, რომელთა შესრულებას მოქალაქეებისთვის სავალდებულოა. წესების დარღვევა კი ისჯება ადმინისტრაციული სასჯელით.

„ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდეგ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია შიდა გავრცელება. ჩვენი ძირითადი ამოცანაა პირველ რიგში ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება. ეს ჯანდაცვის სისტემას აძლევს შესაძლებლობას, უფრო მომზადებული იყოს და ხარისხიანად უმკურნალოს ჩვენ მოქალაქეებს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის შემოსაღებად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის ნუსხა მოიცავს შემდეგს:

  1. იზოლაციის ან კარანტინის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში;

2. საერთაშორისო სამგზავრო – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები;

3. საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება;

4. იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციების ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;

5. აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებების და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;

6. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს;

7. საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლების და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;

8. სასამართლო სხდომების გამართვა შესაძლებელი გახდება დისტანციურად;

9. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღდეგ შემთხვევაში რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ფიზიკური პირები 3000 ლარით, იურიდიული 15, 000 ლარით. განმეორებით იგივე ქმედება დაისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით 3 წლამდე ვადით”.

გიორგი გახარიას თქმით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ყველა წესი შესასრულებლად იქნება სავალდებულო.

მთავრობა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური დახმარების გეგმას ამუშავებს

„გვესმის მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს ან პოტენციურად შეიძლება დაკარგონ სამსახური. გარდა იმ გეგმისა, რაც ვთქვით, უახლოეს დღეებში ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივი დახმარების კონკრეტულ გეგმას წარმოვადგენთ. ადამიანებს რომლებმაც დაკარგეს სამსახური სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდზე“.

მედიის მუშაობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ ეხება

გიორგი გახარიას თქმით, მედიის მუშაობა საგანგებო მდგომარეობა არ ეხება. მედიის მიმართ მოთხოვნაა, რომ დავიცვან პირადი უსაფრთხოება და იზრუნონ ჯანმრთელობაზე.

გადაადგილების შეზღუდვა – საკომენდანტო საათი არ დგინდება

რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას გიორგი გახარიას თქმით, ის  დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ შეზღუდულია და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით  საქართველოში საკომენდანტო საათი არ დგინდება.

„რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას. ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ შეზღუდულია. რასაც თქვენ გულისხმობთ, საქართველოში, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ამ დადგენილებით საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ რას ვაკეთებთ – ვზღუდავთ ბუნებრივად  მოქალაქეთა მობილურობას და მოვუწოდებთ მათ, კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე ჩვენი ოჯახის წევრების, პირველ რიგში, მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლების, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე.

თუ შევამჩნიეთ, რომ საქალაქთაშორისო მობილობა არ მცირდება, შემდგომ მკაცრ ზომებსაც მივიღებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ არის გადამეტებული ნაბიჯები, პირიქით ჩვენ ცდილობთ, დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის შემდგომი აღდგომის პოტენციალს შორის, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ შეესაბამება სტანდარტს ჩვენი ზომები იქნება მკაცრი“, – განაცხადა გახარიამ.

ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება

„რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებით მსხვილი პროექტები არ გაჩერდება და საგანგებო მდგომარეობა ამ პროექტებს არ შეეხება.”- განაცხადა გახარიამ.

საგანგებო ბიუჯეტი შეიქმნება

გიორგი გახარიას თქმით, რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ დადგენილებით საქართველოს მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის შექმნის უფლებას მოითხოვს.

მარკეტებმა უნდა უზრუნველყონ სპეციალური ზომების შემოღება

მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომლებიც მარკეტის ფლობელებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივად უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები – ადამიანები რიგში დგანან 2 მეტრამდე უსაფრთხო დისტანციით. ეს ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესის პასუხისმგებლობის ნაწილია“, – განაცხადა გახარიამ.