რა თქვა გრიგოლ ვაშაძემ „ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიის” სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს უსმენენ.

„დღეს უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ ისე დამემუქრა თქვენი სამდივნოს [წარმომადგენელი], გადავწყვიტე არ შევიქმნა პრობლემები. ისე თხოვნა მაქვს, რომ ის ორი დღით ადრე გაფრთხილება გადაიტანოთ 1 კვირით ადრე მაინც გადაიტანოთ, რადგან ყველაფერი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. მაგალითად, მე შეხვედრები მქონდა დანიშნული საზღვარგარეთ და ვერ გავფრინდი”. – თქვა ვაშაძემ.

ის ჯერჯერობით ერთადერთია ენმ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, რომელიც კომისიის მუშაობაში მონაწილეობას დათანხმდა.

„ოცნების” კომისიის კითხვები 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრას და ომს ეხება. მაშინ ვაშაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხა, მასაც ხომ არ გაუგია ის, რაც თუ არა 2004-2007 წლებში შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებუმა, მიხეილ ქარელმა განაცხადა – წულუკიანის თქმით, ქარელის განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ „ორ დიდ სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული ის, რომ ჩვენ ცხინვალი ძალისმიერი მეთოდით დავიბრუნოთ”.

„მან სააკაშვილის ციტატა მოიყვანა, რომ „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“. ყველას მინდა შევახსენო, რომ ის იმავდროულად მთავარსარდალიც იყო.

თქვენ დავითაიას კომისიის წინაშე ბრძანეთ, რომ მე ყველაფერში ვიყავი ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მინისტრის მოადგილე იყავით. მანამდეც იყავით მინისტრის მოადგილე და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ყველაფერში იყავით ჩართული პრეზიდენტის მიერ. თქვენთანაც ხომ არ აქვს ეს ნათქვამი და რას გულისხმობს ის, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს? რომ მე ავიყვან ჩემს ჯარს და შევიყვან ცხინვალში?”. – იკითხა წულუკიანმა.

პასუხად გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ „მსგავსი სისულელე არ გაუგია”.

„ამ კომისიას ვცემ პატივს, ამიტომ არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რა სიტყვებიც გამოყენებაც მინდა. ამისთანა სისულელე არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან“. – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

მან ასევე თქვა:

„ეს ყველაფერი იყოს ის, რისი მომზადებაც 2006 წელს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო თავისი პროქსი ბანდ ფორმირებების გაწვრთნით იმისთვის, რომ მოესინჯა საქართველოში ის ნაბიჯები, რომლებიც შემდეგ გადაიდგა უკრაინის მიმართ და ენახა, რა იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია”.

თეა წულუკიანმა იკითხა, რატომ არ გაიყვანა მაშინდელმა ხელისუფლებამ მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან.

„ვინ შეგატყობინათ მასირებული შეტევის შესახებ სოფელ ნულზე, ვინ იყო ის პირი ალბათ სამხედრო თუ პოლიციის ძალების, 7 აგვისტოს საიდან იცოდით, სად იყო რუსული ტექნიკა და თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? […] მინიმუმ 4 აგვისტოდან მოსახლეობას აქვს ეგზისტენციური საფრთხე”.

პასუხად ვაშაძემ თქვა, რომ „ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა არა 4 აგვისტოდან, არამედ 31 ივლისიდან მიდიოდა, თან იმ კალიბრის არტილერიით, რისი ცხინვალის რეგიონში შეტანაც ყველა შეთანხმებით აკრძალული იყო”.

„ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან: მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო.

რაც შეეხება გაფრთხილებას – ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. რამდენჯერმე ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, ამას საჭიროების მივხედავთო.

მისივე თქმით, „საქართველო ყველაფერს აკეთებდა, რომ ომი არ დაწყებულყო. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებოდით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ განიხილებოდა”. – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

სოზარ სუბარმა იკითხა, რა იცის მან სააკაშვილის განცხადებაზე ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც, სუბარის თქმით, სააკაშვილმა თქვა, რომ „უარს ამბობს ნატო-ში გაწევრებაზე, თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით რუსეთთან დალაგდება“.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არ სჯერა, რომ საკაშვილმა მსგავსი განცხადება გააკეთა და რომ „პრეზიდენტს სააკაშვილს ფიქრადაც არ გაუვლია სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა”.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე უარის თქმა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას. არსად არასდროს, ოფიციალურად და არაოფიციალურად, არ გამიგია, არ მინახავს, არ დავსწრებივარ და არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტს ასეთი განცხადება გაკეთებინოს.

თეორიულად შეიძლება სატელეფონო საუბარში ეკითხა, რა რაში იცვლება, მაგრამ მე ამას არ დავსწრებივარ.

თუმცა, როგორც გესმით, დიპლომატიაა და უხეშად რომ ვთქვათ, აღებ-მიცემობაა.

მაგრამ არასდროს, საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა არავის იმ ადმინისტრაციაში, თავში არ მოსვლია. იმ მიზეზითაც არ მოსვლია არავის თავში, როცა რუსებმა თქვეს, რომ „NATO-ზე ვაჭრობაც კი არ შეიძლება, იმიტომ, რომ თქვენი ნების მიუხედავად, შეგათრევენ, რაკეტებს დააყენებენ თქვენს ტერიტორიებზე და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას“. – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

მის ამ განცხადებას წულუკიანმა უპასუხა რეპლიკით: „იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია“.

გრიგოლ ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „მმართველობა ეფექტური იყო”.

„რაც შეეხება ქართულ დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკას, ადამიანს შეიძლება შეეშალოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ თემებზე და სერიოზული თემაა ის, რაც დოკუმენტურად მტკიცდება და რასაც მე, როგორც ყოფილ საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირს, შემიძლია, ყოველ წუთს მოვაწერო ხელი. არასდროს არავის თავში პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი – ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო, შეთავაზებაც არ გაკეთებულა რუსეთის მხრიდან”. – თქვა მან.

ამის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ თავად მოითხოვა ზოგიერთ საკითხზე დახურულ რეჟიმში ლაპარაკი, ამიტომ, ძირითადი კითხვების ამოწურვის შემდეგ სხდომა დაიხურა.

2008 წლის აგვისტოს ომის საკითხზე კომისიამ დღეს, 26 მარტს ასევე მოუსმინეს პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.

კომისიამ 17 თებერვალს ასევე მოუსმინა „ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს, რომელმაც ილაპარაკა როგორც 2008 წლის ომზე, ისე ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეებზე, რომლებიც 2003-2012 წლებში საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.