დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება – სწორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს მზია ამაღლობელი და ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს.
დგებუაძემ პროცესზე არაერთხელ გაიმეორა, რომ „ბათუმელების/ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სილის გაწვნის შედეგად, „ტკივილი განიცადა” – ის ირწმუნება, რომ ლოყისა და ყურის მიდამოში ჰქონდა „სიწითლე”.
მან გაიხსენა მზია ამაღლობელის დაკავების ეპიზოდი და თქვა, რომ მზია ამაღლობელი მას მუნდირზე ქაჩავდა, იყო „აგრესიული და გაშლილი ხელი დაარტყა”.
„მე ჩავთვალე რომ ჩემი გასვლით [გარეთ] და მათთან [აქციის მონაწილეებთან] დალაპარაკებით ცოტა უფრო დამშვიდდებოდა სიტუაცია. ხშირად მომიხერხებია და მოგვიხერხებია ერთობლივად, რომ რაღაცა კომუნიკაციით მშვიდდებოდა ხოლმე [აქცია].
გავედი და გასვლის მომენტიდან ქალბატონი მზია მეკითხება – „ჩემი ოჯახის წევრი რატომ ჰყავთ დაკავებული“, ბუნებრივია, არ მეცოდინებოდა მისი ოჯახის წევრი ვინ იყო. ვეკითხები გვარს, მეუბნება – გაბაიძე, ვპასუხობ – გაბაიძე გიორგი? მთვრალი რომაა და რომ აგინებს პოლიციელებს? და ამ კონკრეტულ მომენტში სახეზე ვატყობ ძალიან აღელვებას, აგრესიას… ბუნებრივია, დავინახე რომ აგრესიულია და ჩავთვალე, რომ აზრი არ ჰქონდა საუბარს.
დავაპირე წასვლა აქციის წევრების ძირითადი ნაკადისკენ, იქ იდგნენ ძირითადად აქციის ლიდერები და მეთქი იმათ გავესაუბრები, რომ დამეხმარონ სიტუაციის დამშვიდებაში.
ამ დროს, მოულოდნელად, პოლიციის მუნდირზე მქაჩავს, ესეც [მოქაჩვა] გამიკვირდა იმიტომ, რომ არც ჩემს მიერ გაცემული ბრძანებით, არც მოქმედებით თუნდაც ეს შეურაცხყოფა არ დამიმსახურებია… შენიშვნის მიცემას ვაპირებდი, რომ ასე ნუ მოიქცევი, მაგრამ შენიშვნის მიცემა არ დამცალდა, გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. იმ წამსვე მოხდა მისი დაკავება“.
აქვე, დგებუაძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელმა მარჯვენა სახის არეში „საკმაოდ ძლიერად” დაარტყა.
„ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. კითხვა მაქვს ლოგიკური: სახეში როცა გირტყამენ, თავს გესხმიან – ქართულს კარგად ვსწავლობდი: თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს…მე განვიცადე ტკივილი.
თავდასხმის შემდეგ 20 წუთი შენობაში არ შევსულვარ, რამდენიმე თანამშრომლებმა მითხრა, რომ ლოყა წითელი გაქვს, ყური წითელი გაქვს. ჩემს სამუშაო კაბინეტში შევედი და სარკეში რომ ჩავიხედე, მქონდა სიწითლე”.
ირაკლი დგებუაძემ 11-12 იანვრის ღამეს, როცა მზია ამაღლობელს აკავებდა, თქვა -„სისხლით… ბოზიშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ… ამას მოვუტ..ავ დედის მუტ..ს“ – დღეს სასამართლო პროცესზე კი აღნიშნა, რომ „უწმაწური სიტყვები გამოიყენა, თუმცა, ეს მუქარა არ ყოფილა”.
„იმ წამიერად, როცა ეზოში შევედი, შესაძლოა, ჩემ კოლეგებთან ვიხმარე უწმაწური სიტყვები ფაქტის აღწერის მიზნით, მზია ამაღლობელს არ მიემართებოდა. შურისძიება ნამდვილად არ მამოძრავებდა”.
რაც შეეხება ადვოკატების კითხვას, აღიქვამს თუ არა ის მზია ამაღლობელს საფრთხედ იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტს პატიმრობა არ ექნებოდა შეფარდებული, დგებუაძე პასუხობს, რომ რადგან მზია ამაღლობელს „დანაშაული არ უღიარებია”, მან, შესაძლოა, ეს ქმედება სხვა პოლიციელების მიმართ „გაიმეოროს”.
„რაც შეეხება, მე აღვიქვამ თუ არა მზია ამაღლობელს საფრთხედ…თავს ნამდვილად უსაფრთხოდ ვგრძნობ, თუმცა ერთი გარემოებაა: კონკრეტული დანაშაული მოხდა, ჩაიდინა ქალბატონმა მზიამ, რომელიც აღბეჭდილია, საბედნიეროდ, მაგრამ დღემდე ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ანუ მისთვის ეს ქმედება აბსოლუტურად ნორმალურია, მე ასე აღვიქვამ, ყოველ შემთხვევაში. მე შეიძლება თავს ვეღარ დამესხას, საპროტესტო აქციები გრძელდება, მზია ამაღლობელიც ცხოვრებას გააგრძელებს მისთვის თუ ეს ნორმალური ქმედებაა, რომ ხომ შეუძლია, რომ პოლიციელთან მივიდეს, თავს დაესხას, დაარტყას სახეში. რა ვიცი, თქვენ გისმენთ, არის თუ არა ეს საფრთხე, რომ მან კვლავ ჩაიდინოს დანაშაული? შეიძლება დგებუაძის მიმართ არა მაგრამ, 400 თანამშრომელი მყავს მე პირადად და აჭარაში მუშაობს, დაახლოებით, 700-მდე პოლიცია.
მზია ამაღლობელს რომ გაეაზრებინა, რომ მისი ქმედება, იყო ცალსახა თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელის და ერთხელ მაინც ეთქვა, რომ ეს არის ცუდი ფაქტი და არაკანონიერი ფაქტი, ცალსახად გეტყოდით, რომ საფრთხეს ვეღარ ვხედავ… არა, მე ბოდიშს ვერ მოვითხოვ, არც უფლება მაქვს და არც მომითხოვია. გააზრებაში ვგულისხმობ, რომ კონკრეტული ფაქტია ჩადენილი და ეს ადამიანი ამბობს, რომ დანაშაული არ არის…თუმცა ეს კონკრეტული ქმედება, რომ პოლიციელზე თავდასხმა, სახეში ხელის გარტყმა რომ არის არაკანონიერი ქმედება, არც ერთხელ არ უთქვამს ამ კონკრეტულ ფაქტზე მზია ამაღლობელს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. შემდეგ აქციაზე, ღმერთმა თავისუფლებაზე ამყოფოს, იგივე დანაშაულს არ ჩაიდენს, ესე მიგაჩნიათ?!”.
ამასთან, ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დგებუაძეს ჰკითხა რამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდა მას სახე აწითლებული, რაზეც დგებუაძემ თქვა, რომ ნახევარი საათის შემდეგ სარკეში დაინახა სიწითლე.
„მაია მწარიაშვილი: წამიერი ტკივილი მოგაყენათ, მაგრამ გაწითლებული ლოყა გქონდათ 15-20 წუთის განმავლობაში?
ირაკლი დგებუაძე: დაახლოებით, ხო, ასე გამოდის. იმიტომ, რომ მაგალითად რამდენიმე თანამშრომელმა ეზოში ყოფნის დროს დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მითხრეს, რომ ყურზე სიწითლე გაქვს. შესაბამისად, მქონდა, ე.ი. მე ვერ ვხედავდი, მაგრამ… მე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვნახე, რომ ყურის მიდამოში მქონდა სიწითლე.
მაია მწარიაშვილი: მე თუ მკითხავთ, ბატონო ირაკლი, ყური ახლაც წითელი გაქვთ.
ირაკლი დგებუაძე: ახლა მცხელა ძალიან.
მაია მწარიაშვილი: მაშინ იანვარი იყო. იანვარში არ ცხელოდა. გციოდათ?
ირაკლი დგებუაძე: იქ სიცივის საშუალებას ვინ მოგცემდა […]. მაშინ მარცხენაც მექნებოდა გაწითლებული, მარტო ერთი ხომ არ გამიწითლდებოდა.
მაია მწარიაშვილი: ახლა ცალ მხარეს გაქვთ ყური გაწითლებული”.
პარალელურად, სასამართლოს ეზოდან ისმის საპროტესტო შეძახილები: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“; „თავისუფლება მზიას”.
მანამდე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დააყენეს ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა.
დაცვის მხარე „ოცნების“ პრემიერის გამოკითხვას მისი განცხადებების გამო მოითხოვს. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი დავალებას ასრულებდა.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ „თუ მან მზია ამაღლობელის საქმეზე იცის გამომძიებლებსა და პროკურორებზე მეტი, მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, რა დავალებასა და შეკვეთაზე საუბრობდა ტელეეთერში“.
სწორედ ამ მოტივით იბარებენ კობახიძეს სასამართლოშიც.
თუმცა ნინო სახელაშვილისთვის მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა სათანადოდ დასაბუთებული არ არის.
ამასთან, სახელაშვილმა მზია ამაღლობელის პროცესიდან გააძევა „ფორმულას“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებიც სხდომას იღებდნენ.