რა თქვა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას

პუბლიკა
content image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული გზავნილები გაიმეორა და ყურადღება „მშვიდობაზე“ გაამახვილა.

„ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით.

მივიღეთ რიგი რთული გადაწყვეტილებები და არასდროს შევუშინებივართ გამოწვევებს. ჩვენ არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა – ჩვენ ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს – სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, მათ შორის, არც საქართველოს ოკუპაციის, არც უკრაინაში ომის კონტექსტში.

„ჩვენ შევიკრიბეთ უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების ეპოქაში, როცა გამძაფრებული კონფლიქტების, კლიმატური ცვლილებების და მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებების ურთიერთდაკავშირებული კრიზისები დღესაც კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენენ. ეს გამოწვევები ითხოვს გაბედულ მოქმედებას. საქართველო არასოდეს შეუშინებია გაბედულ მოქმედებას. ბოლო 2 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი რეგიონისთვის.

მაშინ, როცა ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა განვითარება და პრობლემების გადაჭრა, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი. მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ხაზგასმით: საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კვლავინდებურად მტკიცე და ურყევია”. – თქვა მან.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, უზრუნველყოს რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

ასევე თქვა, რომ საქართველოს „სტრატეგიული მდებარეობის წყალობითა და ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წამყვანი მოთამაშეა რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში”.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტებზე, რომლის შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია და „რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება”.

„ჩვენი მიზანმიმართულება სანდო სატრანზიტო დერეფნის როლის შენარჩუნების და გაფართოების თვალსაზრისით გვაძლევს საშუალებას, მხარში დავუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირებაში. მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის და გამძლე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით საქართველოს შეუძლია პროგნოზირებადობის ხარისხის ამაღლება აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის მხრივ, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე თქვა, რომ „საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, დასაქმების მაჩვენებლები – უმჯობესდება”.

ირაკლი კობახიძისვე განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში”.

„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში”. – თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მანვე მოქმედ ხელისუფლებას „ხალხის მთავრობა“ უწოდა და დასძინა, რომ სჯერა, რომ „საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება”.