რა თქვა კობახიძემ ბერლინში რუსულ კანონზე

პუბლიკა

„დიდი იმედი გვაქვს, ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მოგვიანებით შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა.

ირაკლი კობახიძემ კანცლერთან საერთო პრესკონფერენციაზე კვლავ გააგრძელა ის რიტორიკა, რომელსაც რუსულ კანონთან დაკავშირებით აქამდე აჟღერებდა.

მან მანიპულაციურად აღნიშნა ისიც, რომ „[მსგავს კანონს] ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი”.

მოგვიანებით, სწორედ აღნიშნულ მოსაზრებას გამოეხმაურა კითხვის პასუხად გერმანიის კანცლერიც და აღნიშნა, რომ ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს; რომ იქ მიმდინარეობს დისკუსია სხვადასხვა სფეროში გამჭვირვალობის შესახებ, რაც სრულიად სხვა კონცეფციაა.

რა განაცხადა კობახიძემ შოლცის პასუხად: 

„აღნიშნული კანონპროექტი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და  [მსგავს კანონს] ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი. გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რატომ არ უნდა იქნას დაცული გამჭვირვალობის პრინციპი“, – აღნიშნა კობახიძემ. („იმედის“ თარგმანი)

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, მისი გადაწყვეტილებით, მთავრობის ყველა განკარგულება გასაჯაროებულია, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედითუნარიანობისთვის.

კობახიძის თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლებას აქვს სრული უფლება, მოსთხოვოს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობა.

„მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის.

აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. („იმედის“ თარგმანი)

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარმა ორგანიზაციებმა, 2020 წლის შემდეგ, ორჯერ სცადეს ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლა, ხოლო ამ ორგანიზაციების დაფინანსება არალეგალური გზებით მოხდა, რაც ბოლო წლებში, პრემიერის განცხადებით, პრაქტიკად ყალიბდება.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს, 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, [როცა სცადეს] ხელისუფლება შეცვლა არა საპარლამენტო, დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და ბოლო წლების განმავლობაში დაფინანსება,  მათ შორის, არალეგალური გზებით მოხდა, რაც, ბოლო პერიოდში, არალეგალურ პრაქტიკად ყალიბდება. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ [არასამთავრობო ორგანიზაციები] არ არიან დაინტერესებული, რომ გამოაქვეყნონ აღნიშნული ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას საქართველოში“, – აღნიშნა კობახიძემ. („იმედის“ თარგმანი)

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზადაა დისკუსიებისთვის ევროპელ, ამერიკელ და ქართველ პარტნიორებთან და მიიჩნევს, რომ შესაბამისი დისკუსიის წარმართვის შემთხვევაში, რაც 2023 წელს კანონპროექტის ინიციირებისას არ მომხდარა, მმართველი ხელისუფლების პოზიციები ძალიან მყარი იქნება.

„ჩვენ გახსნილი ვართ და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ, თუ ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ. ჩვენი მიდგომა, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. ეს კანონპროექტი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუკი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის და  შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება.

გამომდინარე აქედან,  თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც პირველ წელს ამ კანონპროექტის განხილვისას არ მომხდარა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება, რადგანაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. („იმედის“ თარგმანი)


გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა რუსულ კანონს კვლავ უკან გაიხმობს.

ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, თუმცა არსებობს დისკუსია, რომ  გამჭვირვალობის საკითხი სხვადასხვა სფეროში უნდა დამყარდეს. ეს სრულიად სხვა კონცეფციაა და ჯერაც არ არის გადაწყვეტილი.