რა თქვა პრეზიდენტის სასახლის დაცვის თანამშრომელმა პროცესზე | 4 ოქტომბრის მოვლენების საქმე

პუბლიკა

4 ოქტომბრის 15 პირის საქმეზე დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გიორგი წეველიძე, რომლის მოვალეობაშიც პრეზიდენტის სასახლის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შედის.

მან გაიხსენა, როგორ განვითარდა მოვლენები 4 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი სასახლესთან მივიდა. გიორგი წეველიძის თქმით, 4 ოქტომბერს სასახლეს 8 დაცვა იცავდა.

„4 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00-ზე მოვიდნენ ჟურნალისტები ათონელის ქუჩის მხრიდან სასახლის ჭიშკართან და პარალელურად აქციის მონაწილეები იყვნენ დაძრული სასახლის მიმართულებით. მივიღეთ ზომები, გავამაგრეთ ჭიშკარი. ურდულები დავადეთ.

[ჟურნალისტების მოსვლიდან] რამდენიმე წუთში მოვიდნენ აქციის მონაწილეები. დაიწყეს შეურაცხყოფა სიტყვიერი, რამდენიმე წამში უკვე ღობის რყევა, შემდეგ მოირღვა ღობის შუა ნაწილი.

უშვერი სიტყვებით გვაგინებდნენ, ვისთან ხართ, ვის იცავთ, ა.შ. ღობე ჯანჯღარის შედეგად მოირყა. 2014 წლიდან ვარ და არანაირ პრობლემა არ ყოფილა, ღობე ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო“, – თქვა მოწმემ პროკურორის შეკითხვების საპასუხოდ.

მოწმის თქმით, მას შემდეგ, რაც ღობის შუა ნაწილი მოირღვა, დაცვის თანამშრომლებმა დაიწყეს აქციის მონაწილეების სიტყვიერი გაფრთხილება, რომ არღვევდნენ კანონს და არ შეიძლებოდა სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა, თუმცა მათ დაიწყეს შესვლა და ფიზიკური ძალადობა.

მოწმის თქმით, თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა სასახლის დაცვის სხვა წევრებზე იძალადეს, შემდეგ კი მანაც განიცადა ტკივილი.

„წავიდა მათზე ძალადობა, ფეხების და ხელების რტყმა. მერე მეც გადავიწიე მათ მხარეს, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი გადმოვიდა ერთად და ერთმა პიროვნებამ, რომელსაც ეფარა თავზე ჩაფხუტი, ნიღაბი და ხელში ეჭირა აირწინაღი, რომელსაც ჰქონდა რკინის ფილტრი დამაგრებული, ბეჭებში მომხვდა და განვიცადე ტკივილი.

ამის შემდეგ გამოვიდა შსს-ს ქვედანაყოფი ანუ გდდ, ძალადობიდან სადღაც 3 წუთი არც იყო, მაქსიმუმ წუთი. გააფრთხილეს, რომ ქმედებები იყო არაკანონიერი, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ და მიიღეს შესაბამისი ზომები. ამის შემდეგ უკვე აქციის მონაწილეების შემოსული ნაწილი გადადის ეზოდან. ამ დროს რამდენიმე წუთშივე შემოუერთდება მეორე ნაწილი, რომელსაც უკვე მოჰყვებიან ორგანიზატორებიც. მათი მოწოდების შემდეგ, რომ სასახლე ჩვენია და უკან არ ვიხევთ…“, – თქვა მოწმემ.

პროკურორის შეკითხვას, „ვინ იყვნენ ეს ორგანიზატორები“, – ადვოკატ მარიამ ჩხეიძის პროტესტი მოჰყვა. ადვოკატის თქმით, „ორგანიზატორები“ მოწმის შეფასებაა.

მოსამართლემ ადვოკატის პროტესტი ნაწილობრივ გაიზიარა – მოსამართლის თქმით, მას არ აინტერესებს მოწმის შეფასება, თუმცა შეკითხვა დარჩა, რა იგულისხმა მოწმემ მოწოდებაში და რა კონტექსტში ახსენა „ორგანიზატორი“.

ამის შემდეგ გიორგი წეველიძემ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე დაასახელა.

„იყო მოწოდებები, სასახლე ჩვენია, არ ვიხევთ უკანო. თავიდან [იყვნენ] ეზოს გარეთ, შემდეგ უკვე შემოვიდნენ ეზოში. ერთად შემოვიდნენ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე. პაატა ბურჭულაძის შემოსვლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შიგნით რომ იყო შემოსული, მახსოვს.

მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ ხელი გადახვიეს ერთმანეთს, მოწოდება იყო ჟესტიკულაცია დავინახე და ხმაც ისმოდა, ზუსტად რომელმა რომელი სიტყვა თქვა, ეს არ მახსოვს. შინაარსი იყო, რომ უკან არ ვიხევთ, სასახლე ჩვენია, ბრძოლას ვაგრძელებთ… ჩაგვაბარეთ სასახლის გასაღები, გაიწიეთ და ა.შ.“, – თქვა მოწმემ.

პროკურორის შეკითხვაზე, რა დროს დაინახა პაატა ბურჭულაძე და რას აკეთებდა ის, მოწმემ თქვა, რომ ბურჭულაძე სპეცრაზმელებს ელაპარაკებოდა, გაწეულიყვნენ, დაეთმოთ სასახლის ტერიტორია, არ ემოქმედათ და რომ სასახლე ეკუთვნოდა ხალხს. წეველიძის მტკიცებით, მას ეს „კარგად ესმოდა“.

ამ მოვლენების შედეგად, მოწმის თქმით, ღობე მორღვეული იყო, აქციის მონაწილეები ბოძებს, ქვაფენილის ქვებს… ისროდნენ, რის შედეგადაც დაზიანდენენ დაცვის თანამშრომლები, მათ შორის, თავადაც.

მოწმის დაკითხვის დროს პროცესზე მყოფ ბრალდებულთა ჯგუფის ადვოკატების ნაწილმა წეველიძეს ჰკითხეს, ახსოვდა თუ არა კონკრეტული ბრალდებულები, მოწმემ კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამ საქმეზე ბრალდებულები არიან: დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.