სუსის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც BBC-ის ჟურნალისური გამოძიების შემდეგ დაწყებულ გამოძიებას ეხებოდა, ილაპარაკა ლაშა შერგელაშვილზეც – გდდ-ის შეიარაღების ყოფილ უფროსზე.
მაღრაძის თქმით, BBC-ის საქმეზე ვერ მოხერხდა სწორედ მისი გამოკითხვა, ვინაიდან ის საქართველოში არ არის.
სუსის უფროსის მოადგილისვე განცხადებით, ლაშა შერგელაშვილის მიმართ სუსში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც „ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს ეხებოდა“.
მაღრაძემ თქვა, რომ „ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად“.
სუსმა 5 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებამ აღმოაჩინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.
უწყება ამბობდა, რომ ბექა ჭულუხაძემ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები და რომ ამ მასალით 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.
სუსის 5 ოქტომბრის განცხადებით, იდენტიფიცირებული იყო პირი, რომელმაც ჭულუხაძის დაკვეთით დაამზადა დეტონატორი, ამავე დროს, მათ ტელეფონის დათვალიერების შედეგად ამოიღეს „ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება – რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ჭულუხაძე გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ პირს აჩვენებს მის მიერ შეძენილ იარაღებს, საბრძოლო მასალას და აბარებს ერთგვარ ანგარიშს აღნიშნულთან დაკავშირებით“.
ლაშა შერგელაშვილზე სუსს არაფერი ეწერა.
რაც შეეხება ლაშა შერგელაშვილს – ის 2022 წლიდან უკრაინაშია. მან BBC-სთან თქვა, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება. ტრიქლოროეთილენი კარცეროგენია.
შერგელაშვილის თქმით, ნივთიერებების გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.