რა თქვა თეა წულუკიანმა „ბერლინალეზე" საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის შესახებ

პუბლიკა

კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, „ბერლინალეზე” საქართველოდან მიმავალი დელეგაციის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. თუმცა, არაფერი თქვა სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წარმომადგენლებზე, რომლებიც ბერლინში გაემგზავრებიან. 

საქმე ეხება ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს, რომელსაც 2024 წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 34-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. დელეგაციის შემადგენლობა თავდაპირველად 32 ადამიანისგან შედგებოდა, მოგვიანებით მას კიდევ 2 დაემატა.

ინფორმაცია თავდაპირველად „პუბლიკამ“ მოიპოვა.

კინოცენტრის ​დეგელაციის წევრთა შორის არიან სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე.

გური სულთანიშვილს კინოცენტრი „ბერლინალეზე“ გზავნის, როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს. ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს – როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.

ბერლინში მიემგზავრება POSTV-ის კიდევ ერთი წამყვანი და კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია და მომღერალი და ასევე სამთავრობო ტელეარხის, „იმედის” ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი.

„მინდა, ყველას გითხრათ დელეგაციიდან გვარები და თქვენ მითხარით, გაქვთ თუ არა ამ ადამიანების დელეგეციასთან ერთად წასვლასთან პრობლემა”. – თქვა თეა წულუკიანმა და დელეგაციის სიაში მყოფი რეჟისორებისა და პროდიუსერების გვარები ჩამოთვალა.

მისივე თქმით, ყველა მათგანი წელს პირველად წავა ბერლინალეზე, გარდა ზურაბ მაღალაშვილისა, რომელიც ადრე თავად იყო კინოცენტრის ხელმძღვანელი. განსხვავებით „წინა წლებისგან, როცა ერთი და იგივე ადამიანები მიჩვეულები იყვნენ, მიდიოდნენ ბერლინში, მიდიოდნენ კანში, გამოსცემდნენ წიგნებს, უფინანსდებოდათ ფილმები სადადგმო ხარჯი, მონაწილეობდნენ ერთსა და იმავე ღონისძიებებში. მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე ხალხი”.

„როგორც კი კულტურის მინისტრმა თქვა, რომ დაფინანსება ყველასთვის ღიაა, იქ ატყდა პრობლემები. ეს არის ფულის თემა და არა რაიმე ტიპის ღირებულებითი ჭიდილი. სწორედ, ამაშია უბედურება, შესაბამისად, ეს მცირე ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირობითად ბობოლები შეიძლება ვუწოდოთ – ვინც ამ ფინანსური სისტემის ბენეფიციარი იყო და დღეს თავს არ იწუხებს, იყვნენ წინა პლანზე, სხვა ადამიანები გამოჰყავთ წინა პლანზე, რომლებმაც არც კი იციან, რატომ არიან პროტესტში ჩართულები”. – თქვა თეა წულუკიანმა.

2024 წელს პირველად „ბერლინალეს“ კინობაზრობაზე დამოუკიდებელი სტენდით წარდგება „საქართველოს კინოინსტიტუტი“, რომლის წევრებიც ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები არიან.

თეა წულუკიანის თქმით, მათ ბერლინში „ალტერნატიული დახლი აქვთ გახსნილი”. 

კულტურის მინისტრობის კანდიდატის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა პარლამენტს მოუწოდეს, არ დაეჭირათ მხარი მისი კანდიდატურისთვის.