დღეს მზია ამაღლობელმა ჩვენება მისცა — რა თქვა სასამართლო პროცესზე

პუბლიკა

დღეს, 14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მზია ამაღლობელმა მისცა.

„ბათუმელები”/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს და მას შემდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს 11 იანვარს, საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელის მიერ გაწნული სილის შედეგად მიადგა ფიზიკური ტკივილი და აუწითლდა ლოყა.

მზიას 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

11 იანვარს მზია ორჯერ დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით პოლიციის შენობის კედელზე სტიკერის გაკვრის გამო, მეორედ კი – სისხლის სამართლის წესით.

მზიას დაკითხვის დაწყებამდე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, მზია შუშის კაბინიდან გამოსულიყო და ჩვენება მოწმის ტრიბუნიდან მიეცა. ნინო სახელაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ნინო სახელაშვილის ამ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა. მოსამართლემ არგუმენტაციაზე უმიკროფონოდ ილაპარაკა, რის გამოც პროცესზე დამსწრეებს მისი ნათქვამი არ გაუგიათ. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა მას ხმამაღლა ლაპარაკი მოსთხოვა, სახელაშვილმა ის დარბაზიდან გააძევა. ამის შემდეგ მთივლიშვილმა სასამართლოს ეზოდან დაიწყო საპროტესტო შეძახილების სკანდირება.

ამის გამო ნინო სახელაშვილმა მზიას ჩვენება შეაწყვეტინა და სხდომა სხვა, პატარა დარბაზში გადაიტანა, სადაც 20-მდე ადამიანი ეტევა.

პროცესის შეწყვეტამდე მზია ამაღლობელმა იმ საღამოს განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა, მათ შორის, სილის გაწვნასა და ირაკლი დგებუაძის მხრიდან ძალადობაზე.

მზიამ თქვა: 

„ჩემს თაობაში მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უარი თქვა და ზურგი აქცია მაამებლურ საბჭოთა ჟურნალისტიკას.

მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა.

კრიტიკულ ჟურნალისტიკას ზოგადად მთავრობები არ სწყალობენ, თუმცა, ეს ძალიან საშიში არ არის, როდესაც მიუკერძოებელი სასამართლო არსებობს, როდესაც გამოხატვის თავისუფლებას კანონი იცავს, განსხვავებით ჩვენი დღევანდელი მდგომარეობისა.

ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი გამოიძია.

ვინმე დგებუაძემ „დაიგინა“, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“.

სილის გაწვნის შესახებ მზია ამაღლობელმა თქვა, რომ „ეს დაგეგმილი არ ჰქონია და რომ „ეს იყო იმპულსური რეაქცია შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, უპასუხისმგებლო თავკერძა კომუნიკაციაზე“.

რაც შეეხება ირაკლი დგებუაძის მხრიდან ძალადობას – მზიას თქმით, მისი მეორედ დაკავების შემდეგ:

„კარი შემოანგრია ვიღაც ახალგაზრდამ, მაგინებდა უშვერად, იწევდა საცემრად, სხვებს რომ არ გაეკავებინათ, მცემდა კიდეც, სახეში არ ვუყურებდი, მხოლოდ ერთ მომენტში ავხედე და მაგ დროს გამოიწია და სახეში შემაფურთხა. მერე ვიკითხე ეს ვინ არის მეთქი და მითხრეს, როგორ არ იცი, დგებუაძეაო.

დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს ამ სიჩუმეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე. როცა შემაფურთხა, ერთადერთი, რაც შევძელი ფეხზე წამოვარდნა იყო და ვთქვი – წყალი მომიტანეთ, საპირფარეშოში გამიყვანეთ-მეთქი. ოთახში მყოფმა ქალმა პოლიციელმა აიღო ჭიქა წყალი რომ მოეტანა, ხმამ შეაჩერა, დგებუაძის ხმა იყო: არა, არანაირი წყალი და მისივე ხმა – „ჩაიფსას!”.

ჰარმონიულად ვიქნებოდი საკუთარ თავთან, თუ სიტყვიერად გავცემდი პასუხს, მაგრამ ის, რაც მოხდა – ფურთხება, გინება და რასაც ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან, იმდენად მძიმე იყო ჩემთვის, უბრალოდ არ მომინდება ამაზე ლაპარაკი“.

რაც შეეხება პირველ – სტიკერის გაკვრისთვის დაკავებას – მზია ამაღლობელმა გაიხსენა, რომ 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ ადვოკატ თამარ წულუკიძესთან ერთად მივიდა.

მისი განცხადების ეს ნაწილი „ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. გამოცემის თანახმად, მზიას თქმით, ადგილზე მისულს სიმშვიდე დახვდა. თუმცა, უთხრეს, რომ დაკავებული იყო თემურ ქათამაძე და გოდერძი ფრანგიშვილი.

„დავინახე მოქალაქე, რომელსაც სტიკერი ჰქონდა. მე რომ მივედი, პოლიციელებიც არ მინახავს, მშვიდი აქცია იყო, აქციის მონაწილეები დათრგუნულები იყვნენ, ჩემი მისვლის დროს არავინ დაუკავებით, არც არავის დაკავებისთვის შემიშლია ხელი.

სტიკერი რომ გავაკარი, ეს იყო სოლიდარობის ნიშანი, არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ დამაკავებდნენ. ვიღაცამ მომკიდა ხელი და დამაკავა. როგორც აღმოჩნდა, ბატონი ბესელია ყოფილა. შემდეგ ის ამბობდა, რომ არა, მე არ დამიკავებიაო. მახსოვს, ჭიშკარში ვიღაცამ შემიყვანა, მე ჩავთვალე, რომ დამაკავეს. ბესელია ამ დარბაზში ამბობდა, რომ თურმე ვიგინებოდი დაკავებისას.

პოლიციელი გოჩა ვანაძე პირველად დავინახე ჩვენების მიცემის დროს. სასაცილოდ არ მყოფნიდა, რომ სტიკერის გამო დამაკავეს. მახსოვს ხმაური დაიწყო, როდესაც მიმოვიხედე, მარცხენა მხარეს ვიყავი, ჭიშკართან ახლოს, პოლიციელებისა და ნიღბიანების გარემოცვაში, როგორ აღმოვჩნდი იქ, არ მახსოვს.

ერთადერთი ხმა, რაც ისმოდა, იყო ჟურნალისტების, რომლებიც კომენტარებს იწერდნენ. ძალიან ცუდად ვიყავი, არ ვიცი იქ რა მოხდა, როგორც გითხარით, მართლა მარტო ვიყავი პოლიციელებთან და მესმოდა ფრაზა: „არ დააკავოთ“.

უცბად, პოლიციელების ძალიან სწრაფი გამოვარდნა დავინახე და პოლიციელების ალყაში აღმოვჩნდი. შავნიღბიანი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი, ეს იყო ძალის დემონსტრირება, ჭყლეტა შექმნეს, წინ და უკან ხალხს მასა აწვებოდა, მეც ტალღისებურად ვმოძრაობდი, ვცდილობდი ვინმეს ჩავჭიდებოდი, იქ შეუძლებელი იყო, მყარად მდგარიყავი. ზურგიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, დარტყმის შედეგად დავვარდი, დროის გარკვეულ მონაკვეთში გონება დაკარგული მქონდა, გონს, რომ მოვედი ფეხები მტკიოდა, პოლიციის ტალღამ გადამიარა. ორ მომენტში გონება დავკარგე, არ ვიცი, ვინ გამომიყვანა იქედან, ვინ წამომაყენა. ჩემი ძმისშვილი მოვიდა და მკითხა, თუ როგორ ვიყავი. აღმოვაჩინე, რომ ცალ ფეხზე ფეხსაცმელი არ მეცვა. არ ვიცი,  ედები როდის დამეკარგა”. – თქვა მზია ამაღლობელმა.

მანამ, სანამ ჩვენებას მზია მისცემდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატების შუამდგომლობა, დაეკითხათ ნინო წილოსანი.

„ქართული ოცნების” წევრმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ “მზია ამაღლობელი მოქმედებდა დავალებით, უცხო ქვეყნის აგენტურის საქმიანობის ფარგლებში”. ადვოკატები ამბობდნენ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური განცხადება, შეფასება, არამედ დეპუტატი საუბრობდა ისე, თითქოს მას ჰქონდა ფაქტობრივი ინფორმაცია.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, დასაკითხ პირთა სიას „ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი დგებუაძეც დაემატოს.

კობახიძემ სხვადასხვა დროს რამდენჯერმე თქვა, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დაკვეთით, დავალებით, რათა დაეკნინებინა პოლიციის პრესტიჟი. ადვოკატების თქმით, ამით ის ადასტურებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომელიც საინტერესო უნდა იყოს სასამართლოსთვის. ირაკლი კობახიძის დაკითხვა მზიას ადვოკატებმა წარსულშიც მოითხოვეს, თუმცა, უშედეგოდ.

მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო პროცესები 21 და 28 ივლისს არის დანიშნული.