რა თქვეს „ოცნების“ ლიდერებმა ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმაურებიან.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. მან სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ ყველაფერს „სერიოზულად იღებს“, რადგან ეს, საბოლოო ჯამში, ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არ არის ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან.

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს „ოდნავ აცდენილი იყო“.

„რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი; შეიძლება, ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ეს განცხადება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ჰარცელის განცხადება „ცოტა არ იყოს, ხისტია“.

„აბსოლუტურად ნორმალურია ის, როდესაც ელჩთან აქვს საუბარი გარკვეულ თემებზე კონკრეტულ მასპინძელ ქვეყანას ან მასპინძელ ფორუმს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან, რა წარმოშობის არის ის მასალები, რომლებსაც ასე ატრიალებდნენ ჩვენი ოპონენტების მედიასაშუალებებში. ეს რეალობაა, რაც წარმოშობს დამატებით შეკითხვებს. დანარჩენ შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„თქვენ ახლა კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ, თითქოს, ყველაფერი დადასტურებულია“, — უთხრა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს, რომელმაც მას სავარაუდო მოსმენების შესახებ დაუსვა შეკითხვა.

„— 2012 წელს „ქართული ოცნება“ მოვიდა იმ დაპირებით, რომ ადამიანებს აღარ მოუსმენდნენ, აღარ იქნებოდა ეს მავნებლური პრაქტიკა, ეს მოიშლებოდა, რატომ გაგრძელდა?

— თქვენ ახლა კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ, თითქოს, ყველაფერი დადასტურებულია.

— როდესაც მეუბნებით, რომ კარლ ჰარცელივით ვსაუბრობ, მე შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ჩვენი ელჩი იქნა დაბარეული.

— დიახ, ძალიან სამწუხარო ფაქტი“.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილებიდან იკვეთება, რომ სამსახური უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც.

მედიაში გავრცელებული მასალებიდან, ირკვევა, რომ ფაილებში არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა მოამზადა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთმაც“, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს არაერთი ჩანაწერი ტექსტის სახით, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ ფარულ მიყურადებაზე უშუალოდ საელჩოს წარმომადგენელთა მიმართ.

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუსის მიერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.