რუსული თვითმფრინავი „აზიმუტი“ საქართველოში ცოტახნის წინ დაეშვა. პირველი რეისის მგზავრებს შორის იყვნენ პრორუსი პროპაგანდისტები ვალერი კვარაცხელია, მერაბ ჭიქაშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მათი თქმით, ფრენების განახლება რუსეთთან „საქართველოს გამარჯვებაა“. არცერთ მათგანს არ უპასუხია შეკითხვაზე – „არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.“ მეტიც, ვალერი კვარაცხელია ამბობს, რომ მისი მიზანია „რუსეთი საქართველოს მეგობრად აქციოს“.
„რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს. ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად. და გავათავისუფლებთ ყველაფერს, რაც გასათავისუფლებელია. ვისაც რაღაცას სთხოვ და შეგისრულებს, მადლიერი ვარ იმისი “, – ამბობს კვარაცხელია.
ცნობილია, რომ ვალერი კვარაცხელიას შვილის 2 თვის წინ შექმნილი კომპანია რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ მოემსახურება.
მოსკოვი-თბილისის პირველ მგზავრებს შორის იყო პრორუსი ჟურნალისტი მერაბ ჭიქაშვილიც. ჭიქაშვილის თქმით, „ეს არის გამარჯვება, 23 წელი ელოდა ამას საქართველოს მოსახლეობა“. ის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი და „ობიექტივის“ წამყვანია.
პრორუსი ჟურნალისტის განცხადებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება, რომელიც პუტინმა მიიღო, მისი უშუალო ჩართულობითა და მოლაპარაკებებით მოხდა.
„საქართველოს უმრავლესობის სახელით ჩვენ მივმართეთ რუსეთს, რომ ყოფილიყო ისევ უვიზო რეჟიმი. ამ შედეგს 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა. შედეგი მიღწეულია. ამ შედეგებს უნდა შენარჩუნება. ჩვენ ქვეყანას ვემსახურებით კეთილსინდისიერად“, – განაცხადა ჭიქაშვილმა.
ის საქართველოს სახელით მადლობას უხდის ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
„საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რომელიც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ და იმ შედეგმა, რომელზეც ჩვენ 7 დეკემბერს დავიწყეთ მუშაობა. ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“ ჩვენ გვქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა რუსეთის მხარე, ჩვენ დავაყენეთ საკითხი საქართველოს დაჰბრუნებოდა უვიზო რეჟიმი და შესაბამისად აღდგენილიყო ფრენები“, – ამბობს მერაბ ჭიკაშვილი.
რუსული რეისის კიდევ ერთი მგზავრი იყო პრორუსი პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
„ჩემი ამოცანა, როგორც პოლიტიკოსის, არის აღვადგინო და დახმარება გავუწიო ჩემს ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ეს არის ჩემი მრწამსი, პოლიტიკური კრედო.
ამას [ფრენების განახლებას] ექნება ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული გაგრძელება.“ , – განაცხადა რუსეთიდან ჩამოფრენილმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
„არის თუ არა პუტინი მტერი, ოკუპანტი?“ – ჟურნალისტის დასმულ ამ შეკითხვას არც დიმიტრი ლორთქიფანიძემ უპასუხა. „მომიწვიეთ პირდაპირ ეთერში და გიპასუხებთ“ – უთხრა ჟურნალისტს ლორთქიფანიძემ, რომელიც ისედაც პირდაპირ ეთერში იყო.
დიმიტრი ლორთქიფანიძე „გორჩაკოვის ფონდის“ მიერ დაარსებული „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორია.
10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.
15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა. სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტომ ნებართვა მისცა ფრენებზე ასევე „ჯორჯიან ეარლაინსს“. დღეს ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთ კომპანიას მისცა ნებართვა სააგენტომ და ავიაკომპანია „Red Wings“ თბილისი-სოჭი და მოსკოვი ქუთაისის მიმართულებით იფრენს.