რა უფლებები ჩამოერთმევა სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირს

პუბლიკა

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განიხილავს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან  ბრძოლის კანონპროექტს.

კანონპროექტის ავტორების თქმით, სქესობრივი დანაშაული განსაკუთრებული სენსიტიურობითა და კომპლექსურობით გამოირჩევა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებული მექანიზმების შემუშავებას საჭიროებს. ამ ტიპის დანაშაულების მიმართ კი განსაკუთრებით მოწყვლადი არასრულწლოვნები არიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით:

– 2018 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი;

– 2017 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339 ფაქტი, საიდანაც 224 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი;

– 2016 წელს რეგისტრირებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 336 ფაქტიდან 262 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

რას შეცვლის კანონის მიღება?

კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ მოხდება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენცია და შეიქმნება მსხვერპლთა დაცვის უფრო ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, ამბობდა, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკა უმძიმესია, ამიტომ აუცილებელია კანონის გამკაცრება: „კანონი ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს მთელ რიგ უფლებებს ართმევს. პოლიციას ავალდებულებს, მონიტორინგი დააწესოს პედოფილებზე მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას“.

რა უფლებები ჩამოერთმევა სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირს

კანონპროექტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იქნება, პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე უფლება:

– საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

– არასრულწლოვნთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში ყოფნის უფლება;

– არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება;

– სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება;

– საექიმო საქმიანობა;

– სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა;

– პასიური საარჩევნო უფლება;

– იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

– სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება;

– სხვა საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის ჩამორთმევასაც დამნაშავის პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

უფლებების ჩამორთმევის მინიმალური და მაქსიმალური ვადები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, პირს უფლებები ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 5 წლამდე ვადით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 5-დან 10 წლამდე ვადით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 10-დან 15 წლამდე ვადით.

კანონპროექტის ავტორების თქმით, მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრი.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში იარსებებს ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც დაცული იქნება პერსონალური მონაცემები სსკ-ის 137-ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით მსჯავრდებული პირების შესახებ.

„რეესტრის ფუნქციონირებას აქვს ორი ძირითადი მიზანი – სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია და ამგვარი დანაშაულების ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების გამარტივება. რეესტრის წარმოების მიზნით, მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემების, მათ შორის, ნასამართლობის, დაქტილოსკოპიური და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, დამუშავებას განახორციელებს სამინისტრო”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.