რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ?! მით უმეტეს, ხელისუფლება ჩვენია, ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს | ღარიბაშვილი

პუბლიკა

სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და სენაკელებს მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნაყოფიას არჩევის შემთხვევაში, ის ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ცენტრალური ხელისუფლება „ქართული ოცნების“ იქნება.

„რაც შეეხება არჩევნებს, შეხვედრა გვქონდა ჩვენს საარჩევნო შტაბთან. სენაკში წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაციაა – ერთ მხარეს გვაქვს მოცემულობა, რომ არის ჩვენი კანდიდატი, ღირსეული ახალგაზრდა, პერსპექტიული, განათლებული, წესიერი კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან.

მინდა, ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო – რა პერსპექტივა აქვს და რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მით უმეტეს, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვამბობ, რომც არჩეულიყო. ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს, უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის. მინდა, სენაკელებს მივმართო თხოვნით, ძვირფასო სენაკელებო, ხმა უნდა მივცეთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რადგან სხვა შანსი, პერსპექტივა ამ ქვეყანას არ აქვს. მეორე მხარეს არის კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის და ვერც გააკეთებს“.