რა უნდა შეასრულოს საქართველომ „ვიზის შეჩერების მექანიზმის" შესაძლო ამოქმედების თავიდან ასაცილებლად | ევროკომისიის რეკომენდაციები

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ”.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს სავიზო პოლიტიკის შემდგომი გათანაბრების მიმართულებით; პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, გაიზარდა განსხვავება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან.

„საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

შესაბამისად, ევროკომისია გასცემს 8 კონკრეტულ რეკომენდაციას, თუ რა უნდა შეასრულოს საქართველომ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს.

1. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.

2. გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის არარსებობის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ასევე, შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ პირთა უფლებების სრულად დაცვა.

3. საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ჩამონათვალთან მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან.

4. გააძლიეროს ძალისხმევა თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნისა და წევრ ქვეყნებში არარეგულარული ყოფნის პრობლემის გადასაჭრელად, მაგალითად, მიგრანტთა შესაბამისი კატეგორიისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ და სასაზღვრო შემოწმებების გამკაცრებით.

5. შექმნას აქტივების აღდგენისა და აქტივების მართვის ოფისი და გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განადგურების მიმართულებით.

6. ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, მათი განხორციელებისთვის ადეკვატური რესურსების უზრუნველყოფა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, დევნასა და განხილვას.

7. ცვლილება შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, რათა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ის, რაც ეხება ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურ დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს.

8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.