რა უთქვამს წარსულში მოსამართლე თამარ მახარობლიძეს იმ პირებზე, ვის საქმესაც დღეს განიხილავს

პუბლიკა

„მოსამართლე თამარ მახარობლიძე ვერ უზრუნველყოს საქმის ობიექტურ, მიუკერძოებელ განხილვას მის მიერ წარსულში საჯაროდ გამოთქმული აშკარა პოლიტიკურად მოტივირებული და ბრალდებულთა მიმართ ნეგატიური, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული მოსაზრებების გამო“, – ე.წ. სატობაჟის საქმეზე მოსამართლე თამარ მახარობლიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ჯამში ბრალდებულია 8 პოლიტიკოსი – მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

პროცესზე შუამდგომლობა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ წარადგინა.

მისივე თქმით, მოსამართლის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები იყო განგრძობითი და ცალკეულ შემთხვევებში გამოიხატებოდა ბრალდებულების მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის სახითაც კი.

შუამდგომლობას ადვოკატმა დაურთო საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის ლინკები და თქვა, რომ აღნიშნული მიუთითებს საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლის მიკერძოებაზე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ და იმ პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ, რომელსაც წარმოადგენენ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირები.

„მხარის დაშვება, რომ მოსამართლე უუნარაო სისხლის სამართლის საქმე განიხილოს მიუკერძოებლად და ობიექტურად, არსებითად ეყრდნობა მოსამართლისვე გაცხადებულ პოლიტიკურ მიკერძოებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიის მიმართ და მეორე მხრივ, აშკარა, მკვეთრ ნეგატიურ დამოკიდებულებას ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებისა და მათი პოლიტიკური შეხედულებების, შესაბამისად, საქმიანობის მიმართ.

საგულისხმოა, მინიმუმ ორ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმციის აშკარა და პირდაპირი დარღვევა, ნიკა გვარამიას მიმართ, ხოლო, მეორე შემთხვევაში თავდასხმა სასამართლოში დაცვის მხარეზე, გიორგი რურუას საქმის შემთხვევაში და დაცვის მხარის სტრატეგიის შეფასება პოლიტიკურ ცირკად”, – განაცხადა ფურცელაძემ.

ომარ ფურცელაძე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სტატიები, არაა სრული ჩამონათვალი თამარ მახარობლიძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისა, რომელსაც პოლიტიკური და ბრალდებულების მადიკრედიტირებელი ხასიათი ჰქონდა.

„ინტერნეტჟურნალ NSP.GE-ზე იძებნება 2019 წლის 12 მაისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „თამარ მახარობლიძე: გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით დავისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემებად დასახელებით გვარამია საკუთარი ქმედების გადაფარვას ცდილობს”, სადაც მოყვანილია თამარ მახარობლიძის ციტატა სოციალური ქსელიდან, შემდეგი შინაარსით:

„გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით დავა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა – ეს ის საკითხებია, რომლებსაც რ2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრობლემებად ასახელებს. ამით იგი ცდილობს თავისი იმ ქმედების გადაფარვას, რომელსაც სისხლის სამართალში ჰქვია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე”.

ინტერნეტჟურნალ ON.GO.GE -ზე იძებნება 2020 წლის 09 ივლისის სტატია სათაურით: „თამარ მახარობლიძე – საქართველოს დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში ვერ მოხვდება, რადგან ამისთვის არცერთი პირობა არ არსებობს“.

ამავე სტატიის ტექსტი იწყება შემდეგი წინადადებით: „საქართველოს დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში ვერ მოვხდება, რადგან ამისთვის არცერთი პირობა არ არსებობს” – ასე ეხმიანება ექსპერტი თამარ მახარობლიძე ოპოზიციის განცხადებებს“.

ტექსტი გრძელდება ჩანაწერით: „მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კანონპროექტში მოხვდეს მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და ა.შ. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსადმი ბოლო წლების განმავლობაში იყო და არის ძალიან მჭიდრო და მომავალშიც ასე გაგრძელდება”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერნეტპლატფორმაზე, იძებნება სტატია დათარიღებული 06.06.2019 წლით, სათაურით: „თამარ მახარობლიძე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდას ადასტურებს ისიც, რომ 721,4%-ით გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა“.

ხოლო, სტატიის ტექსტში ვკითხულობთ: „ეს ყოველივე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლო აღარ წარმოადგენს მთავრობისთვის „დაქვემდებარებულ“ დაწესებულებას, რომელიც ადრე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტად იყო ქცეული.“

სტატიის თანახმად, კვლავ აგრძელებს თამარ მახარობლიძე და ამბობს: „ე.წ. რეზოლუციის პროექტის ავტორები, ისე, რომ ერთ ფაქტზეც არ მიუთითებენ, სრულად უგულვებელყოფენ ყველა ამ საერთაშორისო კვლევას და ამ პრესტიჟული ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ ცდილობენ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის შელახვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს კი მხოლოდ იმ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რომ დაიჩრდილოს „ქართული ოცნების“ უდიდესი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მონაპოვარი – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ელემენტს“.

მედიაჰოლდინგ „კვირას” პლატფორმაზე გამოქვეყნებულია სტატია  დათარიღებული 2019 წლის 28 ნოემბრით სათაურით: „თამარ მახარობლიძე: დემოკრატიის პრინციპზე მიუთითებს, ჩაგდებული ინიციატივაც, რომელმაც დაგვანახა, რომ გუნდი არ იმართება ერთპიროვნულად“. სტატიის ტექსტით ასევე ვარკვევთ თამარ მახარობლიძის მოსაზრებას ქართულ ოცნებასთან, ქართული ოცნების ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან და მათ მიერ განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან, მათ შორის, გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით, კერძოდ: „თუმცა, ვერანაირ პრინციპზე თუ ლოგიკაზე მიგვანიშნებს ოპოზიციის ქმედებები. მათ იციან, რომ ხელისუფლებაში ვერცერთი საარჩევნო სისტემით ვერ დაბრუნდებიან. უსამართლოს ეძახიან იმას, რასაც სამართლიანად თვლიდნენ მათი მმართველობის პერიოდში. ნათელია, რომ საარჩევნო სისტემა არც მაშინდა არც ახლა არადემოკრატიული არ არის. წინა ხელისუფლების პერიოდში ჩატარებული არჩევნების პრობლემა მმართველობის ძალადობრივი ბუნება იყო, რაც ამჟამინდელ რეალობაში გამორიცხულია. ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებია მხოლოდ დაბრალება, სიცრუე, სტაბილიზაციის მოშლა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებიც კი. მათი მოთხოვნების შესრულება წინასწარვე შეუძლებელია ხელისუფლების მხრიდან, სულ მცირე სამართლებრივი მიზეზების გამო, თუმცა, მოთხოვნის მიზანიც ხომ მხოლოდ ხელოვნური დაძაბულობის შექმნაა.”

ინტერნეტჟურნალ for.ge – ზე იძებნება სტატია დათარიღებულია 2020 წლის 17 ივნისით, სათაურით: „თამარ მახარობლიძე: რურუას საქმე ოპოზიციამ საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკურ შოუდ. დაცვის მხარეს დასაკითხად ნაცმოძრაობის ლიდერები მიჰყავს, რომლებსაც შეხება არ აქვთ საქმესთან“. ხოლო, ტექსტში ვკითხულობთ: ექსპერტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დღეს, გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის მიერ დაბადებულიმოწმეების დაკითხვას ეხმიანება. მისი თქმით, გიორგი რურუას ბრალდების საქმე ოპოზიციამ საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკურ შოუდ. ,,ნაცვლად იმისა, რომ დაცვის მხარე არგუმენტებით ცდილობდეს პროკურატურის ბრალდების გაბათილებას, დღეს დასაკითხადნაცმოძრაობის ლიდერები მიჰყავს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ საქმესთან. ცხადია, მათი მიზანი არის პოლიტიკური ცირკის მოწყობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოებივ განწყობას, რომ სხვა ბევრ დანაშაულთან ერთად რურუამ ეს დანაშაულიც ჩაიდინა”, – წერს ადვოკატი შუამდგომლობაში.

ომარ ფურცელაძემ მოსამართლის აცილების სამართლებრივ დასაბუთებაზეც ისაუბრა, ასევე მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწვეტილებებიც.

ბოლოს კი აღნიშნა, რომ აღწერილი გარემოებები ქმნის ყველა ობიექტურ სამართლებრივ და ფაქტობრივ წინაპირობას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ მახარობლიძის მიერ დავის განხილვის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება, ვერ შექმნის სარმწუნოობისა და მიუკერძოებლობის იმ სტანდარტს, რომელიც მართლმსაჯულების, მათ შორის, სასამართლოს ინსტიტუციური რეპუტაციის ინტერესს მოემსახურება.

მისივე თქმით, არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ თუნდაც მოსამართლის სტატუსის მოპოვებამდე თამარ მახარობლიძის საჯაროდ გამოთქმული მკვეთრი ნეგატიური განგრძობადი და განმეორებითი ხასიათის მადისკრედიტირებელი დამოკიდებულებები ბრალდებულთა მიმართ, გავლენას მოახდეს არამხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, არამედ, შეუძლებელს გახდის სასამართლო განხილვის წარმოებას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთთანამშრომლობის მაღალი ხარისხით სასამართლო სხდომის დარბაზში.

„ყოველივე აღნიშნული ერთად, ქმნის აბსოლუტურ საფუძველს, დასკვნისა, რომ თამარ მახარობლიძის მიერ აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ჯამურად, ემსახურება, არამხოლოდ კერძო განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული ბრალდებულების ინტერესებს, არამედ, ქართული მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ინსტიტუციურ ინტერესს და წარმოადგენს ერთადერთ, უალტერნატივო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.

თამარ მახარობლიძემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, ის ადასტურებს, რომ განცხადებები მისია, თუმცა, აღნიშნა, რომ იმ დროს მოსამართლე არ იყო და არ ყოფილა შეზღუდული, მოსაზრებები გამოეთქვა.

როგორც მახარობლიძემ აღნიშნა, მოსამართლე 2024 წლიდან არის. მისი აზრით, მანამდე გაკეთებული განცხადებები მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.

ვინ არის მოსამართლე თამარ მახარობლიძე?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ცნობით:

  • ის 2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
  • მანამდე, 2024-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
  • 2015-2022 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი.
  • ასწავლის/ასწალიდან რამდენიმე უნივერსიტეტში.

ინტერნეტსივრცეში რამდენიმე წლის წინ გავრცელებულ განცხადებებში ის ხშირად მოიხსენიება, როგორც ექსპერტი.