რა ვერ დაადასტურა პროკურატურამ ონისე ცხადაძის საქმეში | ადვოკატის დასკვნითი სიტყვა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა.

საქმეზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.


29 აგვისტოს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.

მან საუბარი დაიწყო ონისე ცხადაძის სიტყვებით, რომელიც ცხადაძემ მამის გარდაცვალების შემდეგ პირველ პროცესზე თქვა:

„ონისეს სიტყვები –  ეს, რაც მოხდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა და ადრე თუ გვიან ეს ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება, მეტი არავის. მე არ ვაპირებ, რომ არ გაპატიოთ, ადამიანურად. მე არ მექნება არავის მიმართ ბოღმა, ღვარძლი და მტრობა.

მე უარესსაც ველოდები, ხვალ შეიძლება მე არ ვიყო. ასეთი ბრძოლაა, რა უჭირს, მე რომ ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეგ მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს”, – მისი დაცვის ქვეშ მყოფის ციტირების შემდეგ ის დასძენს:

„აი, ეს ადამიანია დღეს საბრალდებო სკამზე და ამ ადამიანს ემუქრება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რომლისთვისაც სამშობლო და საკუთარი ქვეყანა არის უპირატესი, ვიდრე თავისი თავი”, – ამბობს ცუცქირიძე.

მისი დასკვნითი სიტყვა დაიწყო გამოძიების ეტაპის შეფასებით და ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკითხზე – მან ისაუბრა ონისე ცხადაძის დაკავების გარემოებებზე, ამოღებულ ტელეფონებსა და დანიშნულ ექსპერტიზის დასკვნაზე, ასევე შეეხო საქმეში არსებულ ვიდეოებს და მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის დაკითხვას:

„…ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი იძიებს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს, თუმცა იგივე გამომძიებელი ამბობს – პირდაპირი კავშირი, კონტაქტი ონისესა და სხვა პირებს შორის დადგენილი არ არის, არც, მათ შორის, ორგანიზატორებად მოხსენებულ პირებთან”, – ამბობს ის.

შემდგომ კი ადვოკატმა ისაუბრა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და შეაფასა ისინი, როგორც უსამართლო და დაუსაბუთებელი.

აღკვეთის ღონისძიების საკითხი

ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ადვოკატების დაყენებული შუამდგომლობები იყო საფუძვლიანი და დასაბუთებული, თუმცა ყველა ჯერზე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ პასუხობდა განგრძობადი პატიმრობის ლეგიტიმურ და ჭეშმარიტ მიზნებს.

მან გაიხსენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობები და თქვა, რომ მოსამართლეს უნდა აეცილებინა თავი აღნიშნული საქმის განხილვიდან, ვინაიდან დაცვის მხარის შუამდგომლობები ამ ნაწილშიც დასაბუთებული იყო.

სხდომის საჯაროობა

ცუცქირიძემ ისაუბრა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპზე და ამ კუთხითაც გააკრიტიკა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი.

„საჯაროობის პრინციპი ანუ არა მხოლოდ პროცესზე ადამიანების დასწრების შესაძლებლობა, არამედ მედიის მიერ პროცესების გაშუქების აკრძალვა. ეს აკრძალვა, შესაძლებელია, კანონის ძალით დაწესდა, მაგრამ ასეთი ბუნდოვანი კანონის პირობებში, როდესაც თქვენი ვალი იყო, მინიმუმ, პრაქტიკა და სახელმძღვანელო სტანდარტები განგემარტათ მხარეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მედიისთვის, ჩვენი შუამდგომლობების საპასუხოდ ვერ მოვისმინეთ თქვენგან რაიმე განმარტება, გარდა იმისა, რომ ეს შუამდგომლობა თითქოს თქვენ არ გეხებოდათ”, – ამბობს ადვოკატი.

საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა

შემდეგი საკითხი, რომელიც ადვოკატმა ნინო გალუსტაშვილს შეახსენა, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა იყო.

„მორიგი არანაკლებ მთავარი უკანონო გადაწყვეტილება – საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა თქვენ მიერ კონკრეტული საფუძვლის გარეშე, მუხლისა და მუხლის პუნქტის მითითების გარეშე, რის მითითებასაც ჩემი კოლეგები დაჟინებით გთხოვდნენ, რის შემდეგაც, ბუნებრივია, ჩვენც ვაყენებდით არაერთ შუამდგომლობას, რომ მიგეცათ საშუალება საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის, აეცილებინათ თავი, ან ბრალდებულების თხოვნა გაგეთვალისწინებინათ და შესაბამისად საქმე გაგვეგრძელებინა იმ ადვოკატებს, რომლებიც იქამდე ვიცავდით ბიჭებს. (რაც კონვენციის მე-6 მუხლის, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევის მორიგი მაგალითია),

ყველა ზემოაღნიშნული არასამართლებრივი ნაბიჯი, ბუნებრივია, ირიბად წარმოადგენდა ადვოკატთა კორპუსზე შეტევის მცდელობას, რაც, პრაქტიკულად, ვერ აღსრულდა”, – ამბობს ცუცქირიძე.

რაც შეეხება ონისე ცხადაძის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას, ამ საკითხზე საუბრისას მან ყურადღება რამდენიმე კომპონენტზე გაამახვილა:

ვისი და რა მითითება შეასრულა ონისე ცხადაძემ?

მან ისაუბრა ბრალდების შესახებ დადგენილებაზე, 225-ე მუხლის შემდგენლობაზე, შემდეგ კი ადვოკატმა ჩამოთვალა ის საკითხები, რაც დაცვის მხარის შეფასებით, დადგენილი არ არის:

„სამართლებრივი დაშვების ფარგლებში თუნდაც დავუშვათ, რომ არსებობდა ორგანიზებული ჯგუფი, რა არის სამოქმედო გეგმა ორგანიზებული ჯგუფის, რომელსაც იცნობდა და იზიარებდა ონისე? – დადგენილი არ არის.

რა როლი უნდა ჰქონოდა ან რა როლი ჰქონდა ონისეს – არ ვიცით;

ვინმემ მიიყვანა თუ არა ონისე – არ ვიცით;

…არ დადგენილა არცერთი მტკიცებულებით სამართლებრივი დაშვების ფარგლებში თითქოსდა არსებულ ორგანიზებულ ჯგუფთან რაიმე კავშირი, მითითებების შინაარსი, დრო და ადგილი, შესაბამისად გვაქვს ლეგიტიმური კითხვა – ასეთ პირობებში, ვისი და რა მითითება შეასრულა ონისე ცხადაძემ?”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, რეალურად ონისე დგას მარტო, არ ემორჩილება ადგილზე არავის, არავინ უთითებს რაიმეს და არავის მიუთითებს რაიმეს, არ ეხმარება ვინმეს და არ აქვს იქ მყოფ აქციის მონაწილეებთან არანაირი ვერბალური კავშირი და არც მათ აქვთ ონისესთან რაიმე კავშირი.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, იმ ადგილზე არ არიან ორგანიზატორებად და ხელმძღვანელებად ბრალში მოხსენებული პირებიც.

ნაცნობობა, კავშირი

შემდეგი კომპონენტი, რაზეც ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა, ეს კავშირი და ნაცნობობა იყო. პროკურატურამ ამ კომპონენტის არსებობა ბრალად წარდგენილი მუხლიდან გამომდინარე უნდა ამტკიცოს, თუმცა, ადვოკატის შეფასებით, საქმეზე არც ეს გარემოება დგინდება:

„ოქროს მტკიცებულება, არსენ ხუნაშვილის ნათქვამი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ორგანიზატორი გამოკვეთილი არ არის, პირდაპირი კავშირი, კონტაქტი ამ ბიჭებს ერთმანეთთან და ორგანიზატორებთან არ უდგინდებათ”, – ამბობს ცუცქირიძე.

„არ არის სოციალური ქსელი დათვალიერებული, მეგობრების სია, გამოხმაურება ერთმანეთის აქტივობებზე, არ არის ანძებიდან მონაცემები გამოთხოვილი, არა მხოლოდ ონისეს ნაწილში, სხვა პირებთან მიმართებაშიც რომ კონტაქტი დადგენილიყო, არ გვაქვს კომპიუტერული და ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, როცა ე.წ. ლეპტოპი, და 2 მობილურია ამოღებული.

ნაცნობობის ჭრილში უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ბრალდების მხარე გითითებთ ვიდეოებზე, თუმცა კი ამავე ვიდეოში მათივე არგუმენტაციის საწინააღმდეგო კადრებია, არც ერთ ნაწილში არ ჩანს ონისეს იმგვარი მოქმედება, რომელიც დაგარწმუნებდათ იქ მყოფ რომელიმე პირთან ნაცნობობაში.

არ არსებობს მოწმე, არ არსებობს ჩანაწერი, ამავდროულად ამის საპირწონედ არსებობს ჩვენება არსენ ხუნაშვილის, კავშირსა და კონტაქტთან დაკავშირებით, იმის დამადასტურებელი, რაზეც თვეებია, ვსაუბრობთ”, – ამბობს ადვოკატი.

სპონტანურობა – რას ნიშნავს და რა კავშირი აქვს მას ამ საქმესთან

მან პროცესზე მოიყვანა განმარტება და სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, თუ რა არის ის მთავარი კომპონენტი, რითაც შეიძლება, გაიმიჯნოს კონკრეტული პირების მოქმედება წინასწარ შეთანხმებული ან ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისგან:

„თუ სახეზეა სპონტანურობა, თუნდაც ჯგუფურად, ასევე სახეზეა კონკრეტული დროისა და სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედება“, – ამბობს ადვოკატი.

„სპონტანური მოქმედების პირველი და ყველაზე ნათელი მაგალითია 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადება, რის გამოც ათიათასობით გულანთებული ქართველი გამოვიდა ქუჩაში ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის.

არანაირი სხვა განზრახვითა და სხვა მიზნით ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. აქ მთავარია განზრახვის ელემენტიც, 28-შიც, 29-შიც, 30-შიც და სხვა დღეებშიც ადამიანები რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ერთადერთი განზრახვით, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

სპონტანური და თვითდინებით აქციაზე გამოსვლას მიუთითებს ონისე ცხადაძის კონკრეტულ ადგილას მარტო დგომის ფაქტი.

მათ შორის კადრები, სადაც არცერთ ადამიანთან არც ვერბალური და არც არავერბალური კავშირი არ დგინდება. და თუ ბრალდების მხარეს ამ სპონტანურობის გამორიცხვა სურდა, მინიმუმ სრულყოფილ კადრებს წარმოადგენდა და არა მოჭრილ, დამონტაჟებულს და ამგვარად შეკოწიწებულს, თუმცა კი იცოდნენ, რომ ეს მათთვის ხელსაყრელი მტკიცებულება არ იქნებოდა”, – ამბობს ის.

„არ არის დადგენილი საგანი”

ადვოკატი კვლავ ჩამოთვლის, რა არ არის დადგენილი საგანთან დაკავშირებით და რა პასუხგაუცემელი გარემოებები არსებობს ამ საკითხის ირგვლივ:

„განსაზღვრული არ არის საგნის რაობა, არ არის დადგენილი კონკრეტული საგანი, ამოღებული არ არის და საქმეზე არ არის დართული ნივთმტკიცებად, შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმ ვიდეოთი, რომელიც ისეთი სახით წარმოადგინა ბრალდებამ, როგორც თვითონ აწყობდა, ანუ დაგვიჭრა, შეაერთა, შეაკოწიწა, რაკურსებიც, სავარაუდოდ, თვითონ განსაზღვრა.

შუა პროცესებიდან თუ დააკვირდით, ბრალდებამ შეცვალა სტრატეგია – ჯოხისმაგვარი, ბოთლისმაგვარი… ვიდეოთი, რომელიც არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, თუ კონკრეტულად რა ნივთია და არც მტკიცებულებაა რაიმე წარმოდგენილი, არც ექსპერტიზის დასკვნა, არც ექსპერტის ჩვენება, როგორ შეგვიძლია ჩვენ, ერთი მხრივ, დავარქვათ საგანს ჯოხი, ბოთლი თუ ნებისმიერი რამ. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ შესაძლებელია ზოგადად, აბსტრაქტულად ვიდეოში ჩანდეს საგანი, შეუიარაღებელი თვალით, აი მაგალითისთვის ბოთლი პოლიეთილენის, მაგრამ ეს რომ ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რით დგინდება?

არ ვიცით საგნის რაობა დადგენილად, არ ვიცით სიჩქარე, დავარდნის წერტილი, მანძილი, ტრაექტორია, თუმცა ბრალდების მხარემ იცის, რომ ეს მაინც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. მაშინ გვიპასუხოს პროკურორმა რეპლიკაში, სხვა რაიმე პროფესიული ცოდნა ხო არ გააჩნია ფოტო-ვიდეო ტექნიკური ან ჰაბიტოსკოპიის მიმართულებით და ხო არ გვიმალავს?”, – ამბობს ის.

მოწმეები

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოში დაკითხულ დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელებზე და ამბობს:

„არ გვყავს მოწმე, რომელიც 29 ნოემბერს კონკრეტულად იმ ადგილზე იდგა, რომლის ჩვენებითაც მინიმუმ საფრთხის აღქმის ფაქტს მოვისმენდით, არ გვაქვს ამოღებული საგანი, რასაც საფრთხის შემქმნელად მოიაზრებს პროკურორი და ვინაიდან ამოღებული არ არის საგანი, არც დადგენილია ობიექტურად ვიდეოდან, თუ რა საგანზეა საუბარი.

ასეთ პირობებში, პოლიციელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საფრთხის შექმნა წარმოუდგენელია და სამართლებრივად რომ ვთქვა, დაუსაბუთებელი.

225-ე მუხლი რომ შევაჯამოთ – არ დადასტურდა ორგანიზებული ჯგუფის არსებობა, დაშვების ფარგლებშიც ვერ დგინდება არარსებულ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ონისეს მონაწილეობა და არ არსებობს ძალადობის კომპონენტი, ანუ იმგვარი მოქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ვინმეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ერთადერთი უალტერნატივო გზა, რაც სასამართლოს დარჩა, არის მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი”, – ამბობს ის. 

მან სასამართლოს ყურადღება გაამახვილა მუხლების გადაკვალიფიცირებაზე, მიმოიხილა კონკრეტული მუხლები და აღნიშნა, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებს სახეზე არსებული ქმედება რომელიმე მათგანზე გადაკვალიფიცირების შესაძლებლობას.