რა ვიცით ამ ეტაპზე ე.წ. საბურთალოს კლასტერზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერში პირველი 2 შემთხვევა დადასტურდა გუშინწინ. ჯამში, ამ ეტაპზე ამ კლასტერში 11 დადასტურებული შემთხვევაა. 9 შემთხვევა ბოლო 24 საათში დადასტურდა. რაც შეეხება პირველწყაროს, გამყრელიძე ამბობს, რომ შესაძლოა ეს იყო ექიმი ან მისი ოჯახის წევრი.

„გარდა გუშინწინ დადგენილი ორი შემთხვევისა, ანუ პირველწყაროსი, [კიდევ] ცხრა ადამიანს (ანუ მათ კონტაქტებს) დაუდგინდა ვირუსი… ესენი არიან ერთი ოჯახისა და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში…

შესაძლოა, იყოს ჩემი კოლეგა, თუმცა ის არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დაზუსტება მიმდინარეობს. სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა იქ მიმდინარეობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის”, – ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს ამ კლასტერში ყველა კონტაქტის კვლევა. მისი ცნობით, უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი.

„მიმდინარეობს კვლევა და ჩვენი ჯგუფი დღესაც გასულია, იღებენ ბიოლოგიურ ნიმუშებს, და ჩაღრმავებული კვლევები გაგგრძელდება“, – ამბობს ის.

შეკითხვაზე, არის თუ არა კორპუსი იზოლაციაში, გამყრელიძე ამბობს, რომ „ყველა ადამიანი, ვინც იყო კონტაქტში და დაუდასტურდათ ვირუსი, გადაყვანილია საავადმყოფოებში, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ისინი გადადიან კარანტინში”.

იყვნენ თუ არა კონტაქტში მყოფი ადამიანები იზოლაციაში, გამყრელიძე ამბობს, რომ „პირველი შემთხვევა გამოვლინდა გუშინწინ, რა თქმა უნდა, მათ კონტაქტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ”.