პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე შეკრებაზე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ესროლეს. თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ორი კრიტიკულად დაშავდა.
თავდასხმის დროს დონალდ ტრამპი არ დაშავებულა. როგორც მან მოგვიანებით დაწერა, ტყვიამ მარჯვენა ყურთან გაუარა.
FBI-მ შეძლო თავდამსხმელის იდენტიფიცირება – მათი ინფორმაციით, ტრამპის მიმართულებით გაისროლა თომას მეთიუ კრუქსმა, რომელიც მოგვიანებით საიდუმლო სამსახურის აგენტებმა გაანეიტრალეს.
CNN-ს სამართალდამცავი უწყებების წყარო ეუბნება, რომ მსროლელი განთავსებული იყო ტრამპის ლოკაციიდან ახლოს მდებარე შენობის სახურავზე. მათი ინფორმაციით, თავდამსხმელმა სცენის მიმართულებით „არაერთი გასროლა” განახორციელა.
20 წლის თავდამსხმელი პენსილვანიის შტატში, ბეთელი პარკში ცხოვრობდა – ის ბატლერიდან, სადაც ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობდა, დაახლოებით ერთი საათის გზაზეა. კრუქსმა ბეთელ პარკის სკოლა 2022 წელს დაამთავრა.
AP News კრუქსის სკოლელზე დაყრდნობით წერს, რომ კრუქსი სკოლაში დროს ძირითადად მარტო ატარებდა და მას ხშირად „აბულინგებდნენ” – მისი ცნობით, სკოლაში მოსწავლეები კრუქსს დასცინოდნენ იმის გამოც, როგორც იმოსებოდა.
მისი პოლიტიკური სიმპათიები გაურკვეველია, რადგან საერთაშორისო მედიების ინფორმაციით, კრუსქი რესპუბლიკელად იყო რეგისტრირებული, თუმცა 2021 წლის 20 იანვარს დემოკრატების პროგრესული პოლიტიკური ქმედების კომიტეტს 15$ შესწირა.
FBI-ის ინფორმაციით, იძიებენ თავდამსხმელის სოციალურ ქსელებში არსებულ ინფორმაციას, მათ შორის მის პოსტებს პლატფორმა Discord-ზე. მათი განცხადებით, უცნობია თავდასხმის მოტივი, თუმცა მიაჩნიათ, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედება. საერთაშორისო მედიების ცნობით, კრუქსმა გამოიყენა AR-ტიპის იარაღი, რომელიც საგამოძიებო უწყებების ვარაუდით, მამამისს ეკუთვნოდა.
ამასთან, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თავდამსხმელის მანქანაში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებებიც.