რა ვიცით გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების საქმესა და Reichsbürger-ის მოძრაობაზე

პუბლიკა

7 დეკემბერს გერმანიაში 25 ადამიანი დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით. გერმანელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ქვეყნის 11 რეგიონში ერთდროულად ჩაატარეს.

დაკავებულებს შორის არიან ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრები და ყოფილი სამხედროები. გერმანიის პროკურატურის ცნობით, ჯგუფი პარლამენტის შენობაში შეჭრას და ძალაუფლების მოპოვებას გეგმავდა.

ასევე პროკურატურის განცხადებით, შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი ძველი არისტოკრატული ოჯახის შთამომავალია, რომელიც თავის თავს ჰაინრიხ XIII-ს უწოდებს. დაკავებულია დაჯგუფების მეორე ლიდერიც.

BBC წერს, რომ გავრცელებული ცნობებით, შეთქმულების მონაწილეები ექსტრემისტული მოძრაობა Reichsbürger-ის (რაიხის მოქალაქეები) წევრები იყვნენ. მოძრაობა ცნობილია რასისტული, ანტისემიტური შეხედულებებით, შეთქმულების თეორიებითა და პოლიციაზე თავდასხმებით. ისინი არ აღიარებენ გერმანიის დღევანდელ სახელმწიფოსა და იმპერიის დაბრუნება სურთ.

დაკავებულებს შორის იყვნენ QAnon-ის მოძრაობის წევრებიც, რომლის წევრებსაც ასევე შეთქმულების თეორიების სჯერათ და მიაჩნიათ, რომ დასავლელი ლიდერების უკან სატანისტების, პედოფილების, კანიბალების, ბავშვების სექსტრეფიკინგში ჩართული დაჯგუფება დგას და რეალურად ის მართავს მსოფლიო პროცესებს.

QAnon-ის მოძრაობა დაკავშირებულია ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობის შტურმთან, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხდა.

BBC-ის ანალიტიკოსი მარიანა სპრინგი წერს, რომ Reichsbürger-ის დაჯგუფება ახალი არაა და ჯერ კიდევ პანდემიამდე აქტიურობდა. მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ პანდემიის ფონზე დეზინფორმაციის ახალი ტალღების აგორებასთან ერთად ის უფრო შეკრული და რადიკალური გახდა.

ამ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი პირები გეგმავდნენ აპრილში გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოტაცებასაც, Reichsbürger-ის წევრები კი კორონავირუსთან დაკავშირებითაც ავრცელებდნენ შეთქმულების თეორიებს.

მოძრაობის წევრები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას უკრაინაში ომთან დაკავშირებითაც. ასევე მხარს უჭერდნენ „სუვერენული მოქალაქეების“ მოძრაობებსაც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არ უნდა დაემორჩილონ სახელმწიფოს და თვითონ ადგენენ თავიანთ წესებს.

BBC-ის ანალიტიკოსი წერს, რომ მართალია, შეთქმულების თეორიები და მისი მიმდევრების არსებობა ახალი არაა, მაგრამ ანტივაქსერული გამოსვლების, კაპიტოლიუმის შტურმისა და ახლა უკვე ისეთი ბრალდების შემდეგ, როგორიც სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაა, გამოჩნდა, რომ მსგავსმა ჯგუფებმა ინტერნეტსივრცეში დეზინფორმაციის გავრცელებასთან ერთად შესაძლოა, რეალურ გარემოშიც დაიწყონ მოქმედება.

ვინ არიან Reichsbürger-ის წევრები?

„რაიხის მოქალაქეები“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, თანამედროვე დემოკრატიას უარყოფენ და უარს ამბობენ გადასახადების გადახდაზე.

გასული წლის მონაცემებით, მოძრაობაში 21 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული, მაგრამ BBC წერს, რომ მას შემდეგ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოძრაობაში ჩართული პირების დაახლოებით 10% კი მიჩნეულია, რომ არის ანტისემიტი, მხარს უჭერს ძალადობას და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს.

გერმანიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თომას ჰალდენვანგი მიიჩნევს, რომ ერთ დროს უწყინარი მოძრაობა ახლა უკვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

რას გეგმავდნენ შეთქმულების მონაწილეები?

როგორც BBC წერს, პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათი მიზანი ხელისუფლების ჩამოგდება და გერმანიაში ე.წ. მეორე რაიხის ანუ 1871 წელს შექმნილი იმპერიის დაბრუნება იყო.

გერმანიის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ დაგეგმილი იყო შეიარაღებული თავდასხმები სახელმწიფო ორგანოებზე. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით კი, დაჯგუფებაში ჩამოყალიბებული იყო მმართველი „საბჭო“ და სამხედრო ფრთა.

მათ დასაკავებლად თანამედროვე გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. გერმანიის 16-დან 11 რეგიონში, სინქრონულად დაწყებულ 150 სპეცოპერაციაში 3 000 სამართალდამცველი მონაწილეობდა. დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს ავსტრიასა და იტალიაში.

პროკურატურის განცხადებით, დაჯგუფება სახელმწიფო გადატრიალებას 2021 წლის ნოემბრიდან გეგმავს და მმართველი „საბჭო“ მას შემდეგ რეგულარულად იკრიბებოდა.

მათ უკვე შემუშავებული ჰქონდათ გერმანიის მართვის გეგმა. ჩამოაყალიბეს დეპარტამენტები, რომლებსაც უნდა ეზრუნათ ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მიმართულებების დაფარვაზე.

პროკურატურის მტკიცებით, შეთქმულების მონაწილეებს გაცხადებული ჰქონდათ, რომ მიზნების მიღწევა მხოლოდ „სამხედრო გზითა და მმართველი პირების ძალადობრივი გზით ჩამოშორებით“ შეიძლებოდა. შესაბამისად იგეგმებოდა მკვლელობებიც.

BBC წერს, რომ სამართალდამცველებმა სამხედრო გადატრიალების მომზადებაზე, სავარაუდოდ, აპრილში შეიტყვეს, მას შემდეგ, რაც დააკავეს დაჯგუფება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოტაცებასა და გერმანიაში სამოქალაქო ომის გაღვივებას გეგმავდა.

გუშინ დაკავებულ პირებს შორის არის გერმანიის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და პრორუსული, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი. გამოძიების ცნობით, ის გადატრიალების შემდეგ იუსტიციის მინისტრად მოიაზრებოდა.

ასევე პროკურატურა აცხადებს, რომ გადატრიალების მომზადებისთვის დაკავებულ პირებს შორისაა მოქმედი მოსამართლეც.

დაჯგუფების ლიდერი 71 წლის ჰაინრიხ XIII კი მომავალი მთავრობის მეთაურად მოიაზრებოდა. ჰაინრიხ XIII თავის თავს პრინცს უწოდებს. ის ძველი არისტოკრატული გვარის წარმომადგენელია, რომლებიც თიურინგიის მიწის გარკვეულ ნაწილს 1918 წლამდე აკონტროლებდნენ.

ამ გვარის შთამომავლები დღესაც ფლობენ რამდენიმე სასახლეს. თუმცა ნათესავები ჰაინრიხისგან დისტანცირებას ცდილობენ.

მომავალი მთავრობის სამხედრო ფრთის მეთაურად, პროკურატურის ინფორმაციით, დაჯგუფების მეორე ლიდერი რუდიგერ ფონ პიდ ცნობილი პირი იყო მოაზრებული. დაჯგუფება ვეტერანი და მოქმედი სამხედროების, მათ შორის, ელიტარული დანაყოფების წევრთა შემოკრებას ცდილობდა. მათ არაერთ ადგილას, ლოკალურ დონეზე უნდა ჩამოეშალათ მმართველი ორგანოები. პოლიციამ გაჩხრიკა კომანდოს ძალების მოქმედი წევრის სახლი და ოთახი შტუტგარტში მდებარე სამხედრო ბაზაზე.

დაბოლოს, კიდევ ერთი ეჭვმიტანილია რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მოიხსენიებენ ვიტალია ბიდ. გამოძიების ცნობით, მას დავალებული ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირება. რუსეთის საელჩო კი მასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი არ ურთიერთობენ ტერორისტული დაჯგუფებებისა და სხვა არალეგალური ფორმირებების წევრებთან.