რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის ტენდერი მოიგო

პუბლიკა

დღეს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ და ამოღებისას 3 მათგანს დენმა დაარტყა. მათგან ერთი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 2021 წლის 13 სექტემბერს გამოაცხადა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია შპს „გრინსერვის+“-მა და მასთან 12 979 867 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, საიდანაც თანხის 49% უკვე გადახდილია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს ბოლო ინსპექტირება 2022 წლის აგვისტოს ბოლოს ჩაუტარდა. კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოების შესასრულებლად „გრინსერვის+“-ის კონტრაქტორი შპს ,,ჯორჯიან იუნიონია“.

მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, „გრინსერვის+“ 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 33-33%-იან წილს ფლობენ ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე, მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე და ტარიელ კიკნაძე. „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) პლატფორმა „ტენდერის მონიტორის“ მიხედვით, ეს კომპანია 2013 წლის იანვრიდან მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და მიმდინარე წლის 9 აგვისტომდე 73 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. ასევე მონაწილეობა მიიღო 44 გამარტივებულ შესყიდვაში, რომელთა ჯამური ღირებულება 619 ათას ლარს შეადგენდა.

შესყიდვების რაოდენობით თბილისის მერია (80) ლიდერობს.

კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, „გრინსერვის+“-მა შემდეგი პროექტები განახორციელა:

პარლამენტის შენობის წინ მოედნის რეაბილიტაციის  სამუშაოები, მზიურის პარკის რეაბილიტაცია, მრგვალი ბაღის განახლების სამუშაოები, ავლაბრის ვერტიკალური კედელი და სხვა.

ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლისა და ყოფილი მოადგილის სახელს კიდევ ერთი კომპანია „გრინსერვისი“ უკავშირდება:

2013 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ მოადგილესთან ერთად, 2007 წელს ნაცნობების სახელზე ფიქტიურად დააფუძნა შპს „გრინსერვისი“, რომლის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან თავად იყვნენ. „ძველი თბილისის გამგეობის სატენდერო კომისიის წევრები ფურცხვანიძე და ხარშილაძე ტენდერს აცხადებდნენ სწორედ მათი დავალებითა და მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით, შპს „გრინსერვისი” ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც ცხადდებოდა უშუალოდ იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი“.

საგამოძიებო უწყება აცხადებდა, რომ 2010 წლის 16 ნოემბერს „გრინსერვისის“ რეალურმა მფლობელებმა – ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ – მას შემდეგ რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს. 2013 წლამდე „გრინსერვისმა“ 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის 407 000 ლარი პირდაპირი შესყიდვებიდან მიიღო.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წელს წერდა, ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოში კორუფციისთვის გასამართლებულ ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები (მაგალითად, „გრინსერვისი“, „გეო-გრუპი“, „იბოლია“) სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში იმარჯვებდნენ და ხელისუფლებისგან მილიონობით ლარს იღებდნენ, „რაც ეწინააღმდეგება როგორც შესყიდვების სფეროს რეგულირების მოწინავე საერთაშორისო (მათ შორის ევროპულ) პრაქტიკას, ისე საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს“.