„პუბლიკის“ ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 30 წლამდე ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ნინოწმინდიდან 18 ოქტომბერს შეივანეს, 19 ოქტომბერს კი გარდაიცვალა.
„დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ბინაზე აღენიშნებოდა მაღალი ცხელება. დაიღუპა შემოსვლიდან ერთ დღეში. 18-ში არის გადმოყვანილი, 19-ში გარდაიცვალა.
კლინიკურად იყო ეჭვი კორონავირუსზე, ეჭვი უნდა დადასტურდეს კვლევით. თქვენ [მედიამ] როდის გაიგეთ, არ ვიცით, მაგრამ დღეს არ აღრიცხულა. როცა პაციენტი იღუპება, მაშინ ირიცხება“, – განუცხადა „პუბლიკას“ ჰოსპიტლის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
„პუბლიკის“ შეკითხვაზე, 19 ოქტომბერსვე დაფიქსირდა თუ არა პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი, ჰოსპიტალში გვიპასუხეს: „კი ბატონო, როცა დადასტურდა, მაშინ აღირიცხა. გარდაცვალების მერე როგორ დაუდასტურდებოდა? ალოგიკურია“.
ჰოსპიტლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტს რამდენიმე დღის განმავლობაში ბინაზე ჰქონდა ცხელება, მისი ჰოსპიტალიზაცია კი 18 ოქტომბერს გახდა საჭირო.
მისივე ცნობით, პაციენტს ჰქონდა ჭარბი წონა, მისი დიაგნოზი იყო ორმხრივი პნევმონია სუნთქვის უკმარისობით, რესპირატორული დისტრესსინდრომი.