მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან” საუბრისას დღის ბოლოს მოკლე კომენტარს აკეთებს. როგორც ის ამბობს, დღის განმავლობაში დახშული იყო ინტერნეტ-კავშირი, რის გამოც სოფლიდან facebook-ჩართვებს ვერ ახერხებდნენ.
„ჩვენ ახლა კარვებთან ვართ, ჩვეულებრივ. პოლიცია გვადგას თავზე დიდი რაოდენობით.
40-მდე ადამიანი ვართ ადგილზე. შემომატება თითქმის ვერ შეძლეს, იმიტომ, რომ რამდენიმე ადგილას ჩახერგილი აქვთ გზა და აქეთ, ჩვენკენ არ უშვებენ.
ახლა სიმშვიდეა, დღის განმავლობაში იყო შეხლა-შემოხლა”, – ამბობს გოლეთიანი.
დღეს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. სოფელ ნამოხვანში აქციის 2 მონაწილეც დააკავეს.
გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა შსს-მ. მათი თქმით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე „დროებით შეიზღუდა უსაფრთხოების მიზნით”.