რა წერია „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიშში მედიაგარემოს შესახებ

პუბლიკა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა” საქართველოს მედიაგარემოს კვლევის ანგარიში მოამზადა. დოკუმენტის ავტორი მამუკა ანდღულაძეა.

კვლევაში მიმოხილულ და შეფასებულ საკითხებს შორის არის: საკანონმდებლო ჩარჩო, მედიის თვითრეგულირება, კანდიდატის სტატუსი და რუსულ კანონთან დაკავშირებული მოვლენები. ასევე, მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობა, მუქარა და დაშინება. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, SLAPP (სტრატეგიული სარჩელი საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ) სარჩელები, უკანონო მოსმენები, დეზინფორმაცია მედიის წინააღმდეგ, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, ჟურნალისტების დაცვის ეფექტური მექანიზმები.

კვლევის მიგნებებს შორის არის: 

  • საქართველოში ჟურნალისტების, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გახშირებულია ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინების, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები.
  • ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე არაეფექტური რეაგირება იწვევს დაუსჯელობის შეგრძნებას, რასაც შედეგად „მსუსხავი ეფექტი“ აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე და დამატებით ახალისებს ძალადობას;
  • პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული „მთავარი არხის“ ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება დადებითი მოვლენა იყო. თუმცა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არ ცვლის პოლიტიზებული საგამოძიებო თუ სასამართლო ხელისუფლების პრობლემას ქვეყანაში.
  • მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონი“ მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და საბოლოდ, მათი საქმიანობისთვის გადაულახავი დაბრკოლებების შექმნას;
  • მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პერმანენტულ ხასიათს ატარებს. მსგავსი თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები არიან. დეზინფორმაცია გამოიყენება კრიტიკული მედიასაშუალებების დისკრედიტაციისა და მოსახლეობაში მათ მიმართ ნდობის დაკარგვის მიზნით;
  • კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მხრიდან შექმნილმა მტრულმა გარემომ გაართულა მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულება;
  • მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე კრიტიკულად არის შეზღუდული. ხელისუფლება კვლავ ბოიკოტს უცხადებს მისთვის არასასურველ მედიებს, ცალკეულ შემთხვევებში არ უშვებს ან არ იწვევს მათ საჯარო ღონისძიებებზე;
  • SLAPP-ის საჩივრების გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ არის კიდევ ერთი საშუალება, რომლითაც მმართველი პარტია და მასთან აფილირებული პირები ცდილობენ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაჩუმებას.

რეკომენდაციები:

  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიისა და ჟურნალისტების უფლებების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვა.
  • ეფექტურად უნდა იყოს გამოძიებული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, დაშინებისა თუ პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევები;
  • დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის მფლობელებისა თუ ოჯახის წევრების მიმართ;
  • სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებელი უნდა იყვნენ თავიანთ საქმიანობაში და შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • მედიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს უშუალოდ დაინტერესებული პირებისა და დამოუკიდებელი აქტორების მონაწილეობით, ჩართულობით და ფართო კონსესუსის საფუძველზე.
  • გადაიხედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი და გაფართოვდეს მისი დაცვის სფერო.
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ, მედიის და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით, უზრუნველყოს სიძულვილის ენასა და უხამსობის განმარტებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება.
  • ხელისუფლებამ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა უნდა შეწყვიტონ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და საკუთარი რესურსი გამოიყენონ რუსულ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, რაც გულისხმობს საზოგადოების განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ უნდა ამოიცნოს და წინააღმდეგობა გაუწიოს დეზინფორმაციას.
  • მმართველმა პარტიამ შეწყვიტოს ბოიკოტი კრიტიკული მედიების წინააღმდეგ. ანტაგონისტური და მტრული გარემო უნდა შეიცვალოს პროფესიული და ჯანსაღი თანამშრომლობით.
  • ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ ეფექტური წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის, საჯარო ღონისძიებებზე.
  • მმართველმა პარტიამ და მასთან აფილირებულმა პირებმა უნდა შეწყვიტონ SLAPP სარჩელების შეტანა კრიტიკული მედიისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა დაიცვას ჟურნალისტები SLAPP საჩივრებისგან.
  • მედიის წარმომადგენლების მხრიდან უნდა გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები პროფესიული და ეთიკური სტანდარტების გაძლიერებასა და პრაქტიკაში მათ გამოყენებასთან დაკავშირებით